LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგაშოა ის ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ბათუმის გასართობი ღონისძიებებიდან ვრცელდება: თამარ გაბუნია

850
თამარ გაბუნია

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ბათუმში ერთ-ერთ- გასართობ ღონისძიებაზე ბევრი ადამიანია შეკრებილი, რომელთაც არც პირბადე არ უკეთიათ და არც დისტანციას არ იცავენ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ეხმიანება. მისი განცხადებით, „საგანგაშოა ის ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ბათუმის გასართობი ღონისძიებებიდან ვრცელდება“.

ის ასევე აცხადებს, რომ საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, რადგან ყველა აქტივობა შესაძლოა გახდეს „ბუსტერი“ ვირუსის გავრცელებისათვის.

„ნებისმიერი აქტივობა დღეს შეიძლება გახდეს „ბუსტერი“ ინფექციის გავრცელებისთვის, ამიტომ ყველა მხარეს უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად. ბათუმში რომ აქტივობა ძალიან მაღალია, ამას ყველა ვხედავთ, ნამდვილად საგანგაშოა ის ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ვრცელდება სოციალურ ქსელში ბათუმის გასართობი ღონისძიებებიდან, თუ სოციალური თავყრილობებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული საწოლფონდი ძალიან გადატვირთულია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული 7000-მდე საწოლიდან 6400 დაკავებულია.

„საწოლფონდი არის ძალიან გადატვირთული, დღეს 6400 პაციენტი მკურნალობს ჰოსპიტალში და 7000-მდე საწოლია მობილიზებული. თუ არ შეჩერდა ეპიდემიის აღმასვლა და ესკალაციის სახე მიიღო, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს გაუჭირდება დამატებითი შემთხვევების მართვა და ჰოსპიტალური რესურიც არის შეზღუდული“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.