LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგაშო განჩინებაა, აჩენს მეტ შანსს პროკურატურამ გაიგოს ინფორმაციის წყარო – ნათია კაპანაძე “ტვ პირველის” საქმეზე

91
BeFunky-collage

გამოძიების ინტერესი თუ საფრთხე მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის? – ამ საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ნათია კაპანაძე “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენელმა, ნათია კაპანაძემ ისაუბრა.

სასამართლოს განჩინებას, რომლითაც პროკურატურას “ტვ პირველიდან” გარკვეული მასალების ამოღების შესაძლებლობა მიეცა, ნათია კაპანაძე საგანგაშოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ “რჩება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშწორების სამიზნედ”.

გადაცემის წამყვანის მთავარ შეკითხვას, მიმდინარე პროცესი გამოძიების ინტერესია თუ აღიქმება მედიაზე პოლიტიკური ანგარიშწორების საფრთხედ, კაპანაძე პასუხობს, რომ გამოძიებას აინტერესებს არა ჩანაწერი, არამედ ამ ჩანაწერის წყარო. “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გამოძიების ინტერესი უნდა იყოს შინაარსი და გაჟღერებული ინფორმაცია.

“ძალიან საგანგაშოა სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, საკმაოდ უხეში ჩანაწერებით. სასამართლო ფაქტიურად აძლევს ნებართვას პროკურატურას შევიდეს მედიაორგანიზაციაში და გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები, იმისთვის, რომ გაჩნდეს მეტი შანსი გაიგოს ინფორმაციის წყარო. ჩვენმა მსენელმა კარგად იცის, რომ სამწუხაროდ, გამოძიება არ მიდის გაჟღერებული დანაშაულების შესახებ, გამოძიება მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ ჩაუვარდა ეს ინფორმაცია კონკრეტულ წყაროს და როგორ გაავრცელა ის “ტვ პირველმა. გამოკვეული უნდა იქნეს დანაშაული, ინფორმაციის წყარო კი, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, არ შეიძლება იყოს გამოკვლეული ან  გამოაშკარავებული. არ შეიძლება სახელმწიფო შეეცადოს მედია დააშინოს და შეუქმნას საფრთხე.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრები აკეთებენ განსხვავებულ განმარტებებს, მაგრამ სამართლებრივად მთავარი გახლავთ განჩინება, სადაც აბსოლუტურად სხვა რამ წერია. განჩინებაში წერია, რომ პროკურატურას აქვს შანსი შევიდეს მედია ორგანიზაციაში და ჩაატაროს მისთვის მისაღები ღონისძიებებით ჩხრეკა, რაც რა თქმა უნდა, დაუშვებელია.

საზოგადოებას უკვე აქვს მაღალი მგრძნობელობა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას ქვეყანაში შენარჩუნდეს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი და ჟურნალისტების სამუშაო გარემო არ დადგეს რისკის ქვეშ და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი”. – აღნიშნა ნათია კაპანაძემ.

ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, “ტვ პირველის” გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კი შესაძლებელია ჟურნალისტებში თვითცენზურის ნიშნები გააჩინოს.

“როდესაც დავინახეთ რისკი და საფრთხე იმის, რომ ნებისმიერი ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამუშაო მეთოდები და ხერხები, წყაროსთან ურთიერთობის ტაქტიკა, ხელისუფლებისთვის იქნება მიუღებელი, ის აუცილებლად დასჯის და სამწუხაროდ, ბევრი ჟურნალისტი ამბობს, რომ თვითცენზურის სუნი სცემს. ძალიან რთული პროცესია”.- დასძინა კაპანაძემ.

 

 

“ტვ პირველი” სასამართლოს დღევანდელ განჩინებას უახლოეს პერიოდში გაასაჩივრებს. როგორც ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, არც სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გამორიცხავენ.

სასამართლოს განჩინებას დღეს არაერთი გამოხმაურება მოყვა როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან.