LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან ველოდები პოლიტიკურ შოუს – კილაძე

41

საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან ველოდები არა საგნობრივ მსჯელობას და საგნობრივ კითხვებს, არამედ ველოდები პოლიტიკურ შოუს, რომლის დადგმას აუცილებლად შეეცდებიან – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყების წინ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოფო კილაძემ განუცხადა.

მისივე თქმით,  ოპოზიციის აპრობირებული მეთოდია, როცა საგანზე კითხვა არა აქვთ, პოლიტიკურ შოუს აწყობენ.

დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ პასუხები, რომელიც კომისიამ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და მოწმეებისგან მიიღო, “ნამდვილად არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვინმემ ვინმეს ხელი დააფარა“.

“დღეს კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საპარლამენტო კონტროლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. დღეს გამოკითხვაზე იქნებიან ყოფილი მთავარი პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე იუსტიციის მინისტრი, რაც არის იმის დამამტკიცებელი, რომ საპარლამენტო კონტროლი რეალურად არის გაზრდილი. თუ რაიმე კითხვა არის, ყველა თანამდებობის პირი პარლამენტში მოვა და კითხვებზე პასუხს გასცემს,“ – აღნიშნა სოფო კილაძემ.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. დღესვე კომისია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენს.