LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო კომისიამ ორ თვე ნახევარში დაადგინა ისეთი გარემოება, რომელიც მერვე თვეს დაადგინა გამოძიებამ – დიმიტრი ცქიტიშვილი

68

„საგამოძიებო კომისიამ ორ თვე ნახევარში დაადგინა ისეთი გარემოება, რომელიც მერვე თვეს დაადგინა გამოძიებამ,“ – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს.

დიმიტრი ცქიტიშვილმა ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს მიმართა, რომ მათ ადგილას კომისიის კრიტიკისგან თავს შეიკავებდა.

„მინდა, გამოვთქვა შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ორ თვეში ვერ დავადგინეთ ახალი გარემოება – თუმცა ვიტყვი, რომ ორ თვე ნახევარში დავადგინეთ ისეთი გარემოება, რომელიც მერვე თვეს დაადგინა გამოძიებამ, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. დავადგინეთ, რომ არის რამდენიმე ცრუ ჩვენება, რომელიც თქვენც დაადგინეთ, მაგრამ ჩვენ უფრო ცოტა დრო დაგვჭირდა. ჩემი აზრით, კომისიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი. პარლამენტი შს სამინისტროს და პროკურატურას ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ კომისიის ფორმატში ბევრი ისეთი ადამიანი იქნა გამოკითხული, რომელმაც მოგვცეს ინფორმაცია, რაც აღმოჩნდა, რომ საქმისთვის მნიშვნელოვან მასალას შეიცავდა. აღმოჩნდა, რომ თქვენ ერთი თვით დაგვასწარით და ეს იცოდით, თუმცა თქვენ ეს დაადგინეთ მერვე თვეს და ჩვენ მუშაობიდან მეორე თვეში,“ – მიმართა ცქიტიშვილმა გახარიას და შოთაძეს.

თავის მხრივ, გიორგი გახარიამ ცქიტიშვილს უპასუხა, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„დიდი სიამოვნებით მოგიწვევთ ჩვენთან გამომძიებლად, როცა კანონმდებლის ციკლი დაგიმთავრდებათ, თუ ასე ეფექტურად იძიებთ საქმეებს. კომისიის მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ვაფასებთ. უღრმესი პატივისცემით,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა მინისტმა კომისიის მუშაობა გააკრიტიკა. „ორთვენახევარია კომისია მუშაობს, რა ახალი ფაქტორები გამოავლინეთ?“ – ამ კითხვით მიმართა გახარიამ დღეს კომისიის წევრებს.