LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

93

საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, – კანონპროექტთა პაკეტი საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმების ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო.

პაკეტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს.

“მაგალითად ეს არის სასაქონლო ზედნადებთან არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები და ა.შ. ასევე, პაკეტში შედის ისეთი მნიშვნელოვანი სტიმულები ცალკეული დარგებისთვის, როგორიცაა შიდა ავიაციის სტიმულირება. ამისთვის ჩვენ დღგ–სგან და აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი, ბორდზე მისაწოდებლად საჰაერო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახრების გასაწევად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ შიდა ავიაცია სუბსიდირებადი დარგია, ამიტომ ამ სფეროს წახალისებაა საჭირო.

პრემიერის განცხადებით, ცვლილებებზე ეკონომიკურმა გუნდმა იმუშავა – უპირველეს ყოვლისა, ფინანსთა სამინისტრომ, თუმცა, ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენობის დროს საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შეასრულა გიორგი გახარიამ.

სპეციალური წამახალისებელი ზომები იქნება მიღებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მიკროელექტროსადგურები აქვთ.

“ჩვენ გვინდა, მწვანე ენერგია მაქსიმალურად წავახალისოთ და მოქალაქეების მიერ მიკროელექტროსადგურების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა გაიყიდოს ისე, რომ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ დაიბეგროს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა მზის პანელებიანი სახურავების წახალისებას მოახდენს. ამ საკითხზე გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები კოორდინირებულად მუშაობენ. ამ დარგში შესაძლოა, გარკვეული დაფინანსების მექანიზმებიც შემოვიდეს, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში.

ცვლილებები სამშენებლო სექტორსაც ეხება. ორი წლით გახანგრძლივდება დაუსრულებელი მშენებლობისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები.

“დღეისთვის 2017 წლის ბოლომდე, 65 მლნ დოლარის ინვესტიციის მშენებლობის დასრულება იგეგმება. ეს შეღავათები ხელს შეუწყობს დაუსრულებელი მშენებლობების განახლებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას. ყველა ეს ცვლილება შემუშავებული იქნა ბიზნეს სექტორთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თამთა უთურგაშვილი