LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადასახადო აუდიტის ჩატარების წესი იცვლება

241

შემოსავლების სამსახურმა აუდიტის პროცესის რეგლამენტის სამუშაო ვერსია ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს გააცნო. აუდიტის რეგლამენტირების პროექტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა, საგადასახადო ორგანოს სახელმძღვანელო იქნება და შიდა ნორმატიული აქტის სახეს მიიღებს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი თაბუაშვილის განმარტებით, დოკუმენტი ითვალისწინებს ურთიერთობებს გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოების თანამშრომლებს შორის.

მისივე ინფორმაციით, გაწერილი იქნება კონკრეტული ვადები და ნაბიჯები თუ რა დროში და როგორ უნდა განხორციელდეს საგადასახადო აუდიტი, გაწერილი იქნება პასუხისმგებლობები გადამხდელთა და აუდიტის განმახორციელებელ ორგანოს შორის.

”გადასახადის გადამხდელებისთვის წინასწარ იქნება ცნობილი თუ რა ინფორმაციის წარმოდგენა სჭირდება საგადასახადო ორგანოს და ეს არ იქნება სიურპრიზი გადამხდელისთვის. შესაბამისად, ეს იქნება ურთიერთშეთანხმებული, წინასწარ გაანალიზებული საგადასახო აუდიტი”, – განაცხადა თაბუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის პირველი შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან და რეგლამენტის პროექტის განხილვა სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანებებთან ისევ გაგრძელდება.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში აუდიტის რეგლამეტირების პროექტის შემუშავება, გიორგი თაბუაშვილის განმარტებით, პროცედურები აქამდეც იყო გაწერილი, თუმცა არა დეტალურად – რეგლამენტში შევიდა სენსიტიური და მნიშვნელოვანი საკითხები.

ბიზნეს ასოციაციის საბაჟო-საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, ასოციაციის წევრებს აქვთ გარკვეული სახის შენიშვნები, რომლებსაც თავდაპირველად დახურულ ფორმატში განიხილავენ.

”მოვისმენთ შემოსავლების სამსახურის წინადადებებს, შეიძლება ჩვენ ვერ გავიგეთ კარგად ან ჩვენი აღქმა სხვანაირი იყო. საბოლოო ჯამში, ამ დოკუმენტის მიღებით გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ ვიცოდეთ ზუსტად რა ნაბიჯები უნდა გადადგას საგადასახადოს თანამშრომელმა შემოწმებისას, რისი უფლება აქვს მას და რისი უფლება გვაქვს ჩვენ და ა.შ.”, – განაცხადა ლალაზაშვილმა.

მისივე თქმით, ბიზნეს ასოციაციის ინტერესის სფეროს წარმოადგენს ასევე თუ როგორ უნდა დარეგულირდეს კამერალური შემოწმების შემთხვევები, რადგან, მისივე თქმით, ძირითადად პროექტი ორიენტირებულია გასვლით საგადასახადო შემოწმებებზე , თუმცა კამერალური შემოწმება ბიზნესისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები