LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრთხეები საერთაშორისო სასამართლოებსა და არაღიარების პოლიტიკაში – 28 ოქტომბერი, როგორც “რეფერენდუმის დღე”

საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც გენერალური რეპეტიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის – ასეთია ანალიტიკოსების შეფასება საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. თუმცა, არჩევნებმა, რომელიც აქამდე მხოლოდ გენერალურ რეპეტიციად განიხილებოდა, ახლა უკვე განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა, საზოგადოების, პოლიტიკოსების თუ არასამთავრობო წრეების ნაწილში განჩდა შეკითხვები სახელმწიფო ინტერესების შესაძლო დაზიანების საფრთხეზე.

ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა 2008 წლის ომის თაობაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს, აგვისტოს ომში ქართული მხარის ბრალეულობის შესახებ წლებია საუბრობს, იგივე პოზიცია კი უკვე საპრეზიდენტო კანდიდატის რანგშიც დააფიქსირა.

„მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების,” – ასეთია საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი განცხადება 2008 წლის ომის თაობაზე. ამის შემდეგ მას საკუთარი პოზიციების დამატებით ახსნა მოუწია და აღნიშნა, რომ 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი, თუმცა, იქვე დასძინა „კითხვაზე, შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, პასუხი ასევე ერთმნიშვნელოვანია – დიახ.“ ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა“.

მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ საზოგადოებამ საკუთარი აზრი დააფიქსირა, წამოიწყო “30 ვერცხლის კამპანია”, შეიქმნა პეტიცია მოთხოვნით, რომ მოიხსნას არჩევნებიდან სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, მმართველი ძალის მხარდაჭერილმა კანდიდატმა რიტორიკა შეცვალა და აღნიშნა, რომ რუსეთი არის ერთმნიშვნელოვნად აგრესორი და მან დაიწყო ომი საქართველოსთან 2008 წელს.

სალომე ზურაბიშვილს ქუთაისში აქციით დახვდნენ. 12 სექტემბერი, 2018 წელი

 

მიუხედავად პრეზიდენტის შემცირებული უფლებებისა, 28 ოქტომბერი საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი დღეა – ეს საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციით ბოლო არჩევნებია, როცა საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი, საყოველთაო წესით აირჩევა, რაც მას მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მანდატს ანიჭებს. პოლიტიკის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე “ფორტუნასთან” ამბობს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთგვარი რეფერენდუმიც კია. ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები სახელმიწიფო ინტერესებს აზიანებს.

“მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არ გააჩნია დიდი ძალაუფლება, მეორეს მხრივ, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, რა უნდა რეალურად საქართველოს და იცავს თუ არა საქართველო თავის ეროვნულ ღირსებებს,” – აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.

საერთაშორისო სასამართლოები

ამ დროისთვის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს რუსეთთან ორი სახელმწიფოთაშორისი დავა აქვს – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

რიგითი მოქალაქე სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოსთვის არანაირ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს არ წარმოშობს, თუმცა, ამ შემთხვევაში ვითარებას 2 ფაქტი ართულებს – სალომე ზურაბიშვილი მმართველი ძალის მხარდაჭერილი კანდიდატია, ამასთანავე თუ ის პრეზიდენტი გახდება, არ ვიცით, როგორ პოზიციას დააფიქსირებს ის ამავე საკითხზე.  როგორც “ფორტუნასთან” “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, მის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში გაკეთებული განცხადებებიც გამოიყენოს არგუმენტად.

„მას მხარდაჭერას უცხადებს ხელისუფლება და ბუნებრივია, მისი განცხადებები ძნელია აღიქმებოდეს, როგორც მისი პერსონალური აზრი ამ საკითხზე. თუ ის გახდება პრეზიდენტი, ეს განცხადებები ალბათ წარდგენილი იქნება საერთაშორისო სასამართლოებში და არის ასეთი პრეცენდენტი, ესაა 1974 წლის შემთხვევა, ავსტრალია საფრანგეთის წინააღმდეგ, როცა გამოყენებული იყო პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები.

მინუმუმ, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ახლაც უკვე ეს განცხადებები აზიანებს საქართველოს ინტერესებს, რადგან საუბარია იმ კანდიდატზე, რომელიც ხელისუფლების მიერ არის მხარდაჭერილი. სასამართლოში რამდენად დააზიანებს, ეს უკვე დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად წარადგენს მათ მეორე მხარე და სასამართლო გაიზიარებს თუ არა,“ – აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

“საიას” თავმჯდომარე სულხან სალაძე კი აღნიშნავს, რომ თავად სასამართლოსთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია, არა პოლიტიკოსთა განცხადებები, არამედ ის, თუ რა მტკიცებულებები არსებობს საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად.

„თუმცა, ეს არ ნიშნავს არცერთ შემთხვევაში იმას, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებები წინ არ დახვდება ერთის მხრივ, მას პრეზიდენტობის შემთხვევაში და რაც უფრო სამწუხაროა, წინ დახვდება სახელმწიფოს. ეს ნიშნავს რუსული ინტერესების გატარებას. რუსეთი ამ რიტორიკას იყენებს მისი ინტერესების სასარგებლოდ, არ თანამშრომლობს ჰააგაში სასამართლოსთან და ქართულ მხარეს აქ ისედაც უჭირს საქმეში ეფექტური მონაწილეობა და უჭირს იმიტომ, რომ რუსეთი არ თანამშრომლობს სასამართლოსთან,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ სულხან სალაძე.

 

 არაღიარების პოლიტიკა

პრეზიდენტი წარმოადგენს სახელწმიფოს საერთაშორისო ასპარეზზე. სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრებში, ფორუმებსა თუ კონფერენციებში, სახელმწიფო პირები ტრიბუნას იყენებენ/უნდა იყენებდნენ საქართველოს საკითხის წამოსაწევად სწორედ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში. “საიას” თავმჯდომარე სულხან სალაძე კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის შემთხვევაში, საერთაშორისო ურთიერთობებში უკვე გაკეთებული განცხადებებიც წინ დახვდება. რა შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუ მომავალი პრეზიდენტი მაღალი დონის შეხვედრებსა და ღონისძიებებზე არ ისაუბრებს ოკუპაციაზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, პასუხი მარტივია – არაღიარების პოლიტიკა შესუსტდება ან შეიცვლება:

„როცა არაღირების პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო და ამაში მხარს გიჭერს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ეფუძნება მათ შორის იმას, რომ აგრესორი, მათ შორის, 2008 წელს არის რუსეთი, რომელიც საქართველოს ტერიტორიებზე უკანონოდ შემოიჭრა და მას უპასუხა ქართულმა სამხედრო შეიარაღებულმა ძალებმა, ის არის ოკუპანტი და ამას ეფუძნება მთელი არაღიარების პოლიტიკა. ამ დროს თუ სახელმწიფოს მეთაური ამ პოზიციას უარყოფს ან სათანადოდ არ იცავს, ეს ბუნებრივია, გამოიწვევს ჩვენი პარტნიორებისგანაც ამ მხარდაჭერის შერბილებას ან შეცვლას, რაც ნიშნავს, რომ რეალურად დაკარგავ რუსეთზე ზეწოლის გარკვეულ ბერკეტებს,“ – აღნიშნავს გიორგი მშვენიერაძე.

რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ჟენევის მოლაპარაკებებია. პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოიყენებს და ხაზს უსვამს, რომ საუბარია ზურაბიშვილის იმ პოზიციაზე, სადაც ის აგვისტოს ომში საქართველოს ბრალეულობაზე საუბრობს.

“რუსეთი მიგვითეთებს, რომ საქართველოს არ აქვს არანაირი მორალური უფლება, განიხილებოდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების საკითხი, ვინაიდან, თვითონ პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილმა შემდეგ დაწერილი ტექსტი წაიკითხა, ფაქტია, რომ რუსეთი გამოიყენებს ზურაბიშვილის მიერ უკვე გაკეთებულ განცხადებებს და არა მის მიერ ბოლოს წაკითხულ ტექსტს.

დღეს, როცა ვცდილობთ ვამტკიცოთ რეალობა, რომ რუსეთი ოკუპანტია და დაიწყო ომი, ამ ფონზე სალომე ზურაბიშვილი აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებებს და მისი არჩევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხე შეექმნება,” – აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.

ნიკა ჩიტაძე აქვე დასძენს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად აირჩევენ და მისი რიტორიკა უცვლელი იქნება, შესაძლოა, არაღიარებისპოლიტიკის მიმართულებით შესუსტდეს საერთაშორისო პარტნიორებისგან მხარდაჭერაც.

“ეს განცხადება ნეგატიურად აისახება საერთაშორისო პრესტიჟზეც. თვითონ დასავლეთიც არ გვცემს პატივს, როცა პოლიტიკური მოღვაწე თავის პიროვნულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ასეთ კანდიდატს ირჩევს მოსახლეობა,” – აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.

 

თაკო ივანიაძე