LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრთხეები და პრევენციის მექანიზმები – რა წერია ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგიაში

o-TERRORISM-facebook

2017 წლის 22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციიდან 1 წელი და 3 თვე გავიდა. ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თუმცა იმ ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს შიში და სტრესი, კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ. იმ დროს, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე, ISIS-ის რუსულენოვანი ქვედანაყოფის, “იარმუკის ბატალიონის” უფროსი, აშშ-ის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები გაანეიტრალეს.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ტერორისტული აქტების ეპიცენტრი და სამიზნე არასდროს ყოფილა, თუმცა სპეცოპერაციის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა – რამდენად რეალურია ტერორიზმის საფრთხე ქვეყანაში?

ჯერ კიდევ 2018 წლის აპრილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ეს არის სირია-ერაყში განვითარებული მოვლენებისა და სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგი.

ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბძოლის სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტი უწყებათაშორისმა კომისიამ მოამზადა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობდა და მის შემადგენლობაში ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყება შევიდა.

ეროვნულ სტრატეგიაში სამი ექსტრემისტული დაჯგუფებაა გამოყოლი, რომლებიც მსოფლიოს საფრთხეს წარმოადგენენ:

  1. დაეში

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება, სირიასა და ერაყში, „დაეშის“ რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც შესაძლოა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტონ. ასევე, მათი ოჯახის წევრები. სხვადასხვა დროს „დაეშის“ რიგებში საქართველოს ათეულობით მოქალაქე იბრძოდა. ზოგიერთმა ტერორისტთა რიგებში მნიშვნელოვანი გავლენებიც მოიპოვა და ორგანიზაციის იერარქიის სათავეშიც მოექცა. „დაეშს“ საქართველოში  მხარდამჭერებიც ჰყავდა. სუს-ის ინფორმაციით, ქვეყანაში შესაძლოა, კვლავ არსებობდნენ ამ ორგანიზაციის ცალკეული მომხრეები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის მხრიდან მიღებული დავალებების შესაბამისად იმოქმედებდნენ.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ დღეისთვის ტერორისტული ორგანიზაცია სოციალური ქსელების გამოყენებით, რადიკალიზებულ პირებს, მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას ავალდებულებს.

  1. ალ ქაიდა

სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ „ალ ქაიდა“ წლების განმავლობაში რჩება მნიშვნელოვანი შესაძლებლობების მქონე, განსაკუთრებით საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციად. დოკუმენტის მიხედვით, ტერორისტული ორგანიზაციისთვის საქართველო პირველადი ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენს, თუმცა ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფი შესაძლოა, იზიარებდეს ამ ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიას. სირიასა და ერაყში მიმდნარე საბრძოლო მოქმედებების დროს “ალ ქაიდას” სახელით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იბროდა. ზოგიერთი კი, დაჯგუფების ლიდერიც გახდა. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ მათ შესაძლოა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტონ ან ქვეყანა ტრანზიტული მიზნებისთვის გამოიყენონ.

  1. თალიბანი

„თალიბანი“ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, კონკრეტულად თავდაცვის ძალებისთვის. საქართველო ავღანეთის კონფლიქტში ნატოს საერთაშორისო მისიის ფარგლებში, 2004 წლიდან მონაწილეობს. გასული წლების განმავლობაში “თალიბანი” ქართველ სამხედროებს არა ერთხელ დაესხა თავს. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა რამდენიმე ათეული ქართველი სამხედრო, ხოლო რამდენიმე ასეული დაშავდა. ამჟამად, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების დანაყოფები განთავსებულია ქაბულში, ბალხისა და ფარავნის პროვინციებში. ეს პროვინციები თალიბანის აქტიური მოქმედების არეალს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიის შესაბამისად, ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული ხედვა შვიდ ძირითად მიმართულებას ეფუძნება:

  1. ტერორიზმთან, ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი

სახელმწიფოს მიზანია, ტერორიზმთან, ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულად მოპოვება, ანალიზისა და მასზე დაყრდნობით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

  1. პრევენცია

საქართველოს მიზანია, ტერორისტული/ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელების, რადიკალიზაციის, გადაბირების (რეკრუტირება), ტერორიზმის/ექსტრემიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული თავდასხმების დროული გამოვლენა და მათთან გამკლავება საწყის ეტაპზე.

  1. დაცვა

სახელმწიფოს მიზანია, საკუთარი მოსახლეობის, სახელმწიფო საზღვრის, სამოქალაქო ავიაციის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, საზოგადოების მასობრივი თავშეყრის ადგილებისა და კიბერსივრცის დაცვა ტერორისტული/ექსტრემისტული აქტივობებისა და თავდასხმებისგან.

  1. მზადყოფნა

საქართველოს მიზანია, ტერორისტული თავდასხმის შედეგებთან, მიყენებულ ან მოსალოდნელ ზიანთან, ასევე ტერორისტული აქტის შემდეგ შექმნილ ვითარებასთან სწრაფი და ეფექტური გამკლავება.

  1. დევნა

საქართველოს მიზანია, მართლმსაჯულების აღსრულება და დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება.

  1. სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოს განვითარება

სახელმწიფოს მიზანია, ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მოქნილი და თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული კანონმდებლობა.

  1. საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველოს მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება ტერორიზმის/ექსტრემიზმისა და მისი ყველა გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

სტრატეგია სამწლიანია და მისი განხორციელების მიზნით, ასევე სამოქმედო გეგმაც შემუშავდა. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში, სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. თუმცა, ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ სტრატეგიის რელევანტურობას.

„ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვა და არქიტექურა ეფუძნება რამდენიმე მთავარ კომპონენტს. იმისთვის, რომ შევაფასოთ სტრატეგია სწორია თუ არა, სტრატეგიაში უნდა იყოს აღწერილი ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის პროცესი. ამ პროცესის ამოსავალი წერტილი კი, საფრთხეების შეფასების დოკუმენტის შემუშავება და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაა. არცერთი ეს დოკუმენტი არ შემუშავებულა. ის უწყება, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი, არ არსებობს. ეს პრიოცესი არის მოშლილი, შესაბამისად, რამდენად ადექვატური და რელევანტურია ეს სტრატეგია, ძნელი სათქმელია. დიდი ალბათობით აცდენილი იქნება რეალობას იმიტომ, რომ ამ დაგეგმვას სჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური პროცესი,“ –  განაცხადა “რადიო ფორტუნასთან” საუბარში საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ.

 

მისი თქმით, საქართველოში არეულობის გამომწვევი მთავარი საფრთხე რუსეთიდან მოდის და სწორედ ამ მიმართულებით ბევრი მუშაობაა საჭირო.

“ტერორიზმი ძალიან ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, ესენია: სოციალური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური. საქართველო პირდაპირ ტერორიზმის სამიზნე არ არის. თუკი რეკრუტირების ან ტრანზიტის საფრთხეზეა საუბარი, ესეც არ არის ისეთი დიდი პროცესი, რომ საქართველო ვერ გაუმკლავდეს. თუკი საქართველოში არეულობის ან ტერორისტების აქტივობის ფუძის შესაქმნელად ვინმე არის დაინტერესებული, ეს არის რუსეთი. ჩემი აზრით, უფრო აქტიურად უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ინტერესები აქვს რუსეთს და როგორ არის საქართველოს სახელმწიფო უწყებები ან ზოგადად უსაფრთხოების სისტემა მზად, რომ გაანეიტრალოს ასეთი საფრთხეები,“ – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” განადგურების შედეგად მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა ტერორისტული თავდასხმების რიცხვი. ტერაქტები მოეწყო 100-მდე ქვეყანაში, მაგრამ ტერორისტული თავდასხმების ცენტრად მიჩნეულია ხუთი – ავღანეთი, ერაყი, ინდოეთი, პაკისტანი და ფილიპინები. ტერორიზმის სპონსორ ქვეყნებად სახელდებიან ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სუდანი და სირია.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ საქართველო “ისლამურ სახელმწიფოსთან” მებრძოლი გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრია და ის რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების საკითხებში.