საფრანგეთში გასული სეზონის ლაურეატები დაასახელეს. ლიგა 1-ის საუკეთესო მწვრთნელი გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ დამრიგებელი უნაი ემერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პარიზული კლუბიდან წასვლა დააანონსა.
შეგახსენებთ, რომ ემერის ხელმძღვანელობით პსჟ-მ შიდა არენაზე ყველა ტიტული მოიგო – საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და ლიგის თასი.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი. მან ლიგა 1-ში 20 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი შეასრულა. ბრაზილიელმა ჩემპიონატი ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა. ნეიმარმა პრიზი ლეგენდარული თანამემამულის, რონალდოსგან მიიღო.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც „პარი სენ-ჟერმენიდანაა“ – კილიან მბაპე, რომელმაც 28 მატჩში 13 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა დააგროვა.