LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

C4CC610B-C626-481B-9E38-300F6410183E_cx0_cy4_cw0_w1023_r1_s

საფრანგეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურის, ბადრი ბერიძის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. როგორც ბადრი ბერიძის შვილმა გიორგი ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბადრი ბერიძე 3 წელია საფრანგეთის ციხეში იმყოფება და მას ბრალს ვერ უმტკიცებენ. მისივე ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ქართველ კაპიტანთან ერთად, ეკიპაჟის 12 წევრი დააკავეს, ისინი თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. გიორგი ბერიძე ამბობს, რომ მისი მამა გემზე თურქულმა კომპანიამ დაასაქმა და მუშაობა რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა.

დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ამ წლების განმავლობაში დაკავებული ქართველი მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

„ამ ხნის განმავლობაში საფრანგეთის ხელისუფლებას და ასევე, არა ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართეთ, სამწუხაროდ უშედეგოდ, ამ საკითხზე საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. საქართველოს ხელისუფლებას მივმართავ თხოვნით, რომ პირად კონტროლზე აიყვანონ მამაჩემის საკითხი, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული აქვს. სასამართლო პროცესი ამ ხნის განმავლობაში ხუთჯერ ჩატარდა და შედეგი არ არის. მტკიცებულება არ არსებობს მამაჩემის დანაშაულთან დაკავშირებით. საფრანგეთის ხელისუფლებისგან გვქონდა შემოთავაზება, რომ პროცესის დასრულებამდე გვეპოვა პიროვნება, რომელიც პროცესების დასრულებამდე მამაჩემს თავდებში დაუდგებოდა და ციხიდან გამოუშვებდნენ. ჩვენ ვიპოვეთ ასეთი პირი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებდა, თუმცა საბოლოოდ, მაინც არ გაითვალისწინეს. მამაჩემთან კომუნიკაცია გვიჭირს, მას სათანადოდ ჯანდაცვითი მომსახურება არ ეწევა. ვითხოვთ, რომ მოგვაქციონ ყურადღება,” –  განაცხადა გიორგი ბერიძემ.

სამი წლის წინ თურქეთიდან საფრანგეთის მიმართულებით მოძრავი გემი „კარიბის პალმა” დააკავეს, რომლის კაპიტანი ბადრი ბერიძე იყო. გემზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის -2, 4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, რის შესახებაც გემის კაპიტანს ინფორმაცია არ ჰქონდა.