საფრანგეთმა ელექტრო სკუტერებისთვის საგზაო წესების შემოღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამ ტრანსპორტის მონაწილეობით ასობით ავარია მოხდა და რამდენიმე ინციდენტი მსხვერპლითაც კი დასრულდა.
სკუტერი ფრანგებს შორის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რადგან გარემოზე მავნე ზეგავლენას საერთოდ არ ახდენს.
ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ახალი წესები პასუხისმგებლობის გრძნობის გასაზრდელად შემოიღეს, ფეხითმოსიარულეებიც თავს ბევრად უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ.
ახალი კანონის მიხედვით, ელექტროსკუტერის მძღოლი მინიმუმ 12 წლის მაინც უნდა იყოს. რაც შეეხება გადაადგილებას, ტროტუარები აკრძალულ ზონაში ექცევა და სკუტერის მფლობელებს ველობილიკები და ის გზები რჩებათ, სადაც სიჩქარის შეზღუდვა 50 კმ/სთ-ია. ამასთან, გზაზე გადაადგილებისას მძღოლს ჩაფხუტის ტარება არ უნდა დაავიწყდეს.
მოძრაობის დროს მობილური ტელეფონის გამოყენება ან ყურსასმენების გაკეთებაც აიკრძალება.
მომავალი წლისთვის, ეკოლოგიური ტრანსპორტისთვის სიჩქარე მაქსიმალურ 25 კმ/სთ-მდე შეიზღუდება. ნებისმიერი დარღვევისთვის ჯარიმა – 135 ევრო, ხოლო სიჩქარის გადაჭარბებისთვის კი 1,5 ათას ევრომდე იქნება.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკით საფრანგეთში ელექტროსკუტერებთან დაკავშირებულ ავარიებში წელიწადში 5-დან 10-მდე ადამიანი იღუპება.