LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

146
კაკაურიძე

„სექტემბრის შემდეგ ეს უკვე მეორე მნიშვნელოვანი ცვლილებაა 2022 წლის ბიუჯეტში. ცვლილებები ითვალისწინებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 8, 5 პროცენტიდან და 10 პროცენტამდე და მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალში 72 მილიარდ 276 მილიონ ლარს აღწევს. ხარჯვითი ნაწილი მნიშვნელოვნად იზრდება 507 მილიონი ლარით და ნაწილდება მთელ რიგ სამინისტროებზე“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონმდებლებმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირეს.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ ცვლილების ძირითადი არსი, ქვეყანაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტებაა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, ხდება მაკროეკონომიკური პროგნოზების განახლება.

„სექტემბერში გატარებული ცვლილებებით, ეკონომიკური ზრდა 8.5%-მდე გავზარდეთ, თუმცა 10 თვის მონაცემებით – 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ამიტომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და 10%-იანი ეკონომიკური ზრდით ვცვლით რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. ამასთანავე, ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის კორექტირება, რაც განვლილი ფაქტორების მაჩვენებელზეა დაფუძნებული. იმ მონაცემებით, რაც მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებლებით გვაქვს, 526 მლნ. ლარით იზრდება საგადასახადო შემოსავლები, საიდანაც 492 მლნ. სახელმწიფო ბიუჯეტის, ხოლო 34 მლნ. ლარი მუნიციპალური ბიუჯეტების წილია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე ინფორმაციით, ჯამში შემოსავლების ნაწილი 596 მლნ. ლარით იზრდება და აღნიშნული თანხები სხვადასხვა მიმართულებების დაფინანსებაზე მიიმართება. მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილება ძირითადად სამი უწყების – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების დაფინანსების გაზრდას შეეხება.

  • 330 მლნ. ლარით იზრდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები, საიდანაც 230 მლნ ლარი მოსახლეობის ბუნებრივი აირით შეუფერხებლად მომარაგებას მოხმარდება, ხოლო გაზიფიცირების სამუშაოებისთვის დამატებით გამოიყოფა 100,0 მლნ ლარი.

 

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 95 მლნ ლარით იზრდება, საიდანაც 55 მლნ ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამაზე მიიმართება, ხოლო 40 მლნ ლარი მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყოფა.

 

  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 70,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 470,8 მლნ ლარით. ასიგნებების ზრდა დაკავშირებულია ტურიზმის მხარდასაჭერად.

 

  • სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დამატებით გამოეყოფა 2,4 მლნ ლარი, რაც დაკავშირებულია მოსამსახურეთა საწვრთნელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებასთან.

 

  • მუნიციპალიტეტების შემოსავლებში არსებული დეფიციტის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული სპეციალური ტრანსფერი იზრდება 10,0 მლნ ლარით.

კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.