ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია – „საფარი“ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას უწყებაში სავარაუდოდ მომხდარი სექსუალური შევიწროების ფაქტზე მიმართავს.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი და უფლებადამცველი, ბაია პატარაია ამბობს, სექსუალური შევიწროების ფაქტი თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ ერთ-ერთ თანამშრომელზე მაღალი თანამდებობის პირის მიერ განხორციელდა, რასაც მისივე თქმით, სამინისტროში დასაქმებული სხვა ქალებიც ადასტურებენ.
ორგანიზაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პატარაიამ თქვა, რომ შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა, რის შემდეგაც სავარაუდოდ, დაზარალებულმა „საფარის“ მიმართა და ორგანიზაციის ადვოკატს შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგინა, რაც აუდიოჩანაწერებს მოიცავს:
„23 აგვისტოს ჩვენ მოგვმართა ახალგაზრდა ქალმა და სექსუალური შევიწროების შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა.
ჩვენ მეორე დღესვე მივმართეთ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, თავიდან ამ ქალის მიმართ უწყებაში მტრულად იყვნენ განწყობილნი, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ქალს „საფარი“ იცავდა, დამოკიდებულება შეიცვალა.
მიუხედავად ამისა, გავიდა ამდენი დრო და უწყებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
რეალურად, ჩვენ არ ვიცით რა სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ქალს კვლავ იმ უფროსთან მუშაობა უწევს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. არის უკიდურესად შეშინებული, ცდილობს არ მოუწიოს სამსახურში გასვლა და იყენებს შვებულების დღეებს, რომ არ მოუწიოს იგივე მდგომარეობაში ყოფნა, რადგან არაფერია შეცვლილი“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.
უფლებადამცველმა თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს მიმართა და მოუწოდა მიიღონ შესაბამისი ზომები – შეუქმნან მას შესაბამისი სამუშაო გარემო იქამდე, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
აღნიშნულზე განცხადება დღეს თავდაცვის სამინისტრომაც გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესულ განცხადებაზე, იმავე დღეს, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
უწყების განმარტებით, აღნიშნული საჩივარი წარმოდგენილ იქნა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თარჯიმნის მიერ, რომელმაც მოგვიანებით ცალკეული მტკიცებულებები წარადგინა და გამოიკითხა „საფარის“ ადვოკატის თანდასწრებით.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფაქტის გარშემო გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა შემდგომი მოქმედებები:
გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი ადამიანი, ასევე, სავარაუდო შევიწროებაში დადანაშაულებული პირი, რომელიც ასევე ხელშეკრულებითაა დასაქმებული.
უწყებაში ამბობენ, რომ გამოკითხვის, დათვალიერება-დაოქმების პროცესი ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს, რაც საკმაოდ საყურადღებო და შრომატევად პროცედურებს მოიცავს.
„თუმცა მიუხედავად ამისა, გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს, რათა ერთის მხრივ, მოხდეს ფაქტის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული შეგროვება, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მეორეს მხრივ, სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადებში მიეწოდოს წერილით მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ორგანიზაციული კლიმატის ჩამოყალიბებას და გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და განმტკიცებას, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ამ კუთხით, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც პარტნიორ ქვეყნებთან ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.“ – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.