საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება დაასრულა და შეფასებული 32 კატეგორიიდან დაახლოებით 20-ში საქართველოს კარგი ან საუკეთესო პრაქტიკა აქვს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ რეგიონული ვორქშოფის სესიის „საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება“ შემდეგ განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სესიაზე აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაციები გააკეთეს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ტორბენ ჰანსენმა. სესიას საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების შესახებ დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი.
„ფისკალური გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ბევრ რეპუტაციულ რეიტინგებში საკმაოდ მაღალ ადგილზე ვართ. მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო არის მსოფლიოში მე-16 ადგილზე, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია. რაც შეეხება სავალუტო ფონდის შეფასებას, ეს იყო ერთ-ერთი ღრმა და შინაარსობრივი შეფასება. ბევრი და მნიშვნელოვანი ფაქტორი დაფიქსირდა. თუმცა არის ღონისძიებები, რომელთა განსახორციელებლადაც ჩვენ გვაქვს 4-წლიანი სამუშაო გეგმა. 2020 წლის ჩათვლით ისინიც უნდა გატარდეს. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო წინ წავიწიოთ, რათა საქართველო იყოს ლიდერი არა მხოლოდ ფისკალური გამჭვირვალობის მიმართულებით“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.