LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება ქვეყნის ბიზნესგარემოზე პოზიტიურად აისახება – არჩილ მესტვირიშვილი

113
არჩილ მესტვირიშვილი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილს უსმენენ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას.

„2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, სასაქონლო ბაზრებზე ზრდადი ფასებისა და გლობალური პანდემიის ჯერ კიდევ უარყოფითი შედეგების გამკლავების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება და საბანკო სისტემის მედეგობა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნებაში აისახა. საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას და ქვეყნის ბიზნესგარემოზე პოზიტიურად აისახება“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა, მაშინ როცა გლობალურად ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. როგორც მესტვირიშვილი ამბობს, ინფლაციის კლებად ტენდენციას ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედებაც უწყობდა ხელს.

„2022 წელს როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის შემცირება იყო მოსალოდნელი. პანდემიით გამოწვეული მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, მიწოდების ჯაჭვების მოშლა და ლოგისტიკური შეფერხებების ფონზე გაძვირებული ტრანსპორტირება ეტაპობრივად უნდა დარეგულირებულიყო. 2022 წელს ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაც იყო. გაძვირებული ენერგორესურსებისა და სასაქონლო პროდუქციების ფასებმა გლობალურად ინფლაცია მკვეთრად გაზარდა და რიგ ქვეყნებში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გლობალური ინფლაციური ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც მალევე გადმოეცა და ფართო მოხმარების პროდუქტებზე, როგორებიცაა საწვავი და სურსათი (მათ შორის პური, ზეთი) ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლის დასაწყისში ინფლაციური მოლოდინების გაღვივებასა და ფასების ზრდას, ომის საწყის ეტაპზე ლარის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი. შედეგად, ინფლაციის შემცირების ომამდე მოსალოდნელი ტრენდი შენელდა და გასული წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მიუხედავად ამისა, ინფლაციას წლის განმავლობაში შემცირების ტენდენცია მაინც ჰქონდა და დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 9.8 პროცენტამდე შემცირდა. წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბაზარზე საქონლის ფასების სტაბილიზაციის და ტრანსპორტირების ღირებულების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. ამასთან ერთად, იმპორტირებულ ინფლაციას ძლიერი საგარეო მოთხოვნისა და გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსის შედეგად გამყარებული გაცვლითი კურსიც ამცირებდა. ინფლაციის კლებად ტენდენციას ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედებაც უწყობდა ხელს. ამ ტენდენციების ფონზე მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა, მაშინ როცა გლობალურად ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები