მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიასთან ბრძოლისა და ახალი შტამის გავრცელების თვალსაზრისით, საერთაშორისო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები არაეფექტიანი აღმოჩნდა.
პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები, ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა გუშინ, კომიტეტის მეათე შეხვედრაზე განიხილა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
შეხვედრაზე განიხილეს:
პანდემია, რომელიც კვლავ საგანგებო მოვლენად რჩება;
ვაქცინაციის მნიშვნელობა და შესაბამისი რეკომენდაცია ქვეყნებისთვის, რომ საკუთარი მოსახლეობის, სულ მცირე – 70% აცრან;
ერთ-ერთი რეკომენდაცია კი ასეთია – არ მოითხოვოთ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი საერთაშორისო მოგზაურებისთვის.
ჯანმოს საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის ინიციატივაა, რომ საერთაშორისო მგზავრობებთან დაკავშირებით შეზღუდვები შემსუბუქდეს და სავალდებულო ვაქცინაციის ნაცვლად, მოგზაურებისთვის ქვეყნებმა სხვა ზომები მიიღონ.
მათ შორის – ტესტირება და სავალდებულო კარანტინი.
მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვების მოხსნისა ან შემსუბუქების შესახებ საუბრის დროს, ორგანიზაციაში განმარტავენ, საერთაშორისო მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესება ეკონომიკურ და სოციალურ სტრესს აძლიერებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომლებიც “ომიკრონის” ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად შემოიღეს, დროთა განმავლობაში აჩვენებს, რომ ასეთი ზომები არაეფექტიანია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდა ქვეყნებს, არ მოითხოვონ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, როგორც მოგზაურთა ქვეყანაში შესვლის ერთადერთი გზა.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ეს არასამართლიანია ვაქცინების განაწილების უთანასწორობის გამო.