„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განმარტავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს და ტოვებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, რომელიც დღემდე რჩებოდა თანამშრომლობის ბოლო ფორმატად.
„წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან უპრეცენდენტო თავდასხმის ობიექტები გახდნენ. პარტია „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები – პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, თბილისის მერი, იუსტიციის მინისტრი და სხვები არაკორექტული და უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებით ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. განსაკუთრებული აგრესიის სამიზნეები სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან. აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს და ტოვებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, რომელიც დღემდე რჩებოდა თანამშრომლობის ბოლო ფორმატად.
არასამთავრობოებს „ქართული ოცნების” ლიდერები პოლიტიკურად ანგაჟირებულ და ფაშისტურ ორგანიზაციებად მოიხსენიებენ. განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი ის არის, რომ მაღალჩინოსანთა განცხადებების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა დაფინანსებული გვერდები, სადაც კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება და მათი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ამას ემატება ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიების მიკერძოებული გაშუქება, რომელთა მიზანიც მოსახლეობის თვალში სამოქალაქო სექტორის რეპუტაციის შელახვაა.
მსგავსი შეტევები მას შემდეგ დაიწყო, რაც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საარჩევნო გარემოს შუალედური შეფასებები გამოაქვეყნეს. თავდასხმის ობიექტები გახდნენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“. არაკორექტული და არაკონსტრუქციული გამონათქვამებით გამოირჩეოდნენ ცესკოს, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეები. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის არაკოსტრუქციული და აგრესიული ქმედებების გამო ორმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ და ზემოთ ნახსენებმა ორმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებიამ კომისია დატოვეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ბოლომდე ცდილობდა კომისიის ფარგლებში კონსტრუქციულად ემოქმედა, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფორმატის გამოყენება და ყველა მხარესთან კონსტრუქციული თანამშრომლობა იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო დემოკრატიის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.
თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და „ქართული ოცნების” ლიდერების, მათ შორის იუსტიციის მინისტრის აგრესიულმა რიტორიკამ გვაჩვენა, რომ ამ ფორმატში თანამშრომლობა აზრს კარგავს. ის უწყებები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უნდა რეაგირებდნენ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევებზე, თავად იყენებენ ამ რესურსს ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის.
აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ტოვებს უწყებათშორის კომისიას. სამწუხაროა, რომ მმართველმა პარტიამ და კომისიის თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო პროფესიონალური, მიუკერძოებელი და ნდობაზე დამყარებული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც თავიდან აგვაცილებდა ასეთ გადაწყვეტილებებს. მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სწორედ მმართველი პარტიის ლიდერებს და კომისიის თავმჯდომარეს. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და უწყებათშორის კომისიას, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები და შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რაც კამპანიურ სახეს იძენს და საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მომტანია“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.