მიმდინარე წლის 3 მარტიდან, ავიაკომპანია Turkish Airlines სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს იფრენს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Turkish Airlines-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭა.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების, ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.