მას შემდეგ, რაც კომპანია “სისტრას” მიერ ტრანსპორტის სამარშრუტო სქემები იქნება წარმოდგენილი, მოსახლეობას სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის კონკრეტულ გრაფიკს შევთავაზებთ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ფეიბუქის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც დედაქალქის მერი და მისი მოადგილეები, მოსახლეობის კითხვებს პასუხობდნენ.
“კანონპროექტი უკვე მიღებულია პარლამენტის მიერ და პრაქტიკულად, ბიზნესთან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ვართ. ვფიქრობთ, ზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც კომპანია “სისტრას” მიერ ტრანსპორტის სამარშრუტო სქემები იქნება წარმოდგენილი, მოსახლეობას სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის კონკრეტულ გრაფიკს შევთავაზებთ. ამასთან, ვფიქრობთ, რომ დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების გრაფიკიც შევთავაზოთ საზოგადოებას. ამ საკითხს ფრთხილად ვეკიდებით და ვფიქრობთ, რომ ზაფხულის მერე უკვე მზად ვიქნებით, რომ ეს სქემა ავამუშაოთ,“ – აღნიშნა ბითაძემ.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერად არჩევის პირველივე დღეებიდან გამოვიდა ინიციატივით, რომ დისტრიბუციის ავტომანქანებმა ღამის საათებში განსაზღვრულ დროს უნდა იმოძრაონ. როგორც ის განმარტავდა, დისტრიბუციის ავტომანქანები გადატვირთული საავტომობილი მოძრაობის დროს, ე.წ. პიკის საათებში პრობლემას ქმნიან.