„მსოფლიო წესრიგში, სადაც რუსეთია, იქ განვითარებაა, სადაც ამერიკაა – იქ ომი და სიკვდილია“, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ ბიბილოვმა არაღიარებულ, ლუგანსკის, ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში სტუმრობისას თქვა და დაამატა, რომ „ფართო სურათში რუსეთია ის ძალა, რომელსაც სურს დახმარება და არა წართმევა, სურს, რომ სიცოცხლე გაგრძელდეს.“
ბიბილოვმა უკრაინის კონფლიქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმებას უკრაინა არ ასრულებს, რასაც მსხვერპლი მოსდევს, რადგან მინსკის შეთანხმების მთავარი მიზანი სწორედ მსხვერპლის შეჩერებაა.
„შვიდი წელი მცირე და ამავე დროს დიდი ვადაა, ვადა ხომ მხოლოდ დღეებით, საათებით და წლებით არ იზომება. ამ შემთხვევაში, დონბასში ის იზომება ადამიანური სიცოცხლით. ესაა ყველაზე ფასეული და ძვირფასი, რაც თითოეულ რესპუბლიკას აქვს“. – აღნიშნა ბიბილოვმა.
ცნობისთვი, ანატოლი ბიბილოვი დონეცკისა და ლუგანსკის, ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს დონბასში კონფლიქტიდან შვიდი წლის შემდეგ სტუმრობს, რათა მათთან ერთად, ე.წ. დამოუკიდებლობა აღნიშნოს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთმა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2014 წელს სცნო.
დე ფაქტო რესპუბლიკები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის ნაწილს აკონტროლებენ.
უკრაინის თავდაცვის ძალებთან ვითარება კი, 2021 წლის მარტის ბოლოს გამწვავდა, დაპირისპირება გასული თვის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდა. კონფლიქტის ზონაში ბრძოლები სხვადასხვა ინტენსივობით დღემდე გრძელდება.