საპენსიო სააგენტო, მოქალაქეებს აძლევს მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ სად შეუძლიათ აკონტროლონ რამდენს აგროვებენ საპენსიო დანაზოგით.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამის შესაძლებლობა ნებისმიერ მოქალაქეს ვებ გვერდის მეშვეობით აქვს. ავტორიზაციისთვის საჭირო პაროლი კი, დამსაქმებელი ორგანიზაციის ბუღალტერს უნდა გამოართვათ.
აღსანიშნავია, რომ პირადი საპენსიო ანგარიშის შემოწმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სიხშირით.
„ფორტუნა“ გთავაზობთ საპენსიო სააგენტოს რეკომენდაციებს:
სად უნდა შეამოწმოთ თქვენი საპენსიო დანაზოგი?
ეწვიეთ საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდს www.pensions.ge დააჭირეთ ღილაკს – „სააგენტოს სისტემაში შესვლა“ და კურსორის მეშვეობით ახალ გვერდზე გადახვალთ, სადაც მომხმარებლის პირად ნომერს და პაროლს შეიყვანთ.
რა ჩავწერო მომხმარებლის და პაროლის ველში?
იმ კომპანიის/ორგანიზაციის ბუღალტერი, სადაც თქვენ მუშაობთ, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვის შემდეგ გადმოგცემთ მომხმარებლის დროებით პაროლს. სისტემაში შესვლისთანავე აუცილებელია პაროლის შეცვლა.
როგორ ხდება რეგისტრაცია და თქვენი პირადი გვერდის გახსნა?
მას შემდეგ, რაც თქვენი დამსაქმებელი საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე გადმორიცხავს საპენსიო დანაზოგს და მიუთითებს თქვენს სახელსა და გვარს, საპენსიო სააგენტოში თქვენთვის გაიხსნება პირადი საპენსიო ანგარიში.
როგორ შევამოწმო ინფორმაცია, იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ადგილას ვარ დასაქმებული?
თუ თქვენ რამდენიმე ადგილას მუშაობთ და მონაწილეობთ საპენსიო სქემაში, თითოეული დამსაქმებელი საპენსიო შენატანის ჩარიცხვის შემდეგ გაწვდით ერთჯერად პაროლს. შემდეგ, შედიხართ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, თქვენს პერსონალურ ანგარიშზე, სადაც სრულ ინფორმაციას იღებთ თქვენი დანაზოგის შესახებ.
***
შეგახსენებთ, 2019 წლის 1 იანვრიდან საპენსიო შენატანის განხორციელება ევალება ყველა დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით ჩაერთო, 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, ყველა 40 წლამდე ასაკის პირი. მათ საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში: თუ პირს შეუსრულდა საპენსიო ასაკი ან მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ან საცხოვრებლად გადავიდა უცხო ქვეყანაში.