LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად შეიქმნეს მეორე სახლი კოკო როინიშვილმა და ანი იმნაძემ: „ანი ყოველდღე უფრო და უფრო მეტად მიყვარს… შვილმა ჩვენი ურთიერთობა გაამდიდრა…“

17205
koko

„ქალაქის თეატრი“ სივრცეა, სადაც კოკო როინიშვილმა მეუღლესთან, ანი იმნაძესთან და ასეთივე ენთუზიაზმითა და თეატრის სიყვარულით სავსე ადამიანებთან ერთად, ახალი სახელოვნებო ჰაბი დააარსა – ის ღია იქნება ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის, რომელსაც სხვაგან საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის საშუალება არ აქვს და მხოლოდ თეატრალურ დადგმებს არ დაუკავშირდება…

16 და 17 ივლისს ახალ თეატრალურ სივრცეში პრემიერაა, ვიხილავთ გიორგი კიკნაძის სადებიუტო სპექტაკლს სახელწოდებით „კუნძული“, რომელიც თანამედროვე საქართველოში ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთობების პრობლემებს ეხმიანება.

კოკო როინიშვილი მეუღლესა და შვილთან ერთად fortuna.ge-სთან ბევრ თემაზე საუბრობს, თეატრის მიღმაც…

კოკო როინიშვილი: 

ჩვენ ვართ „ქალაქის თეატრში“, რომელიც ჩვენთვის გახდა უმნიშვნელოვანესი სივრცე, მეორე სახლი, ოჯახს არაფერი ცვლის, მაგრამ აქაც ერთად ვართ, მეც, ანიც და მაროც… ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ერთად და ვაშენებთ ქალაქის თეატრს. მისი დაფუძნების იდეა ადრევე გაჩნდა სამეგობროში, ძალიან დიდი წრე გვყავს, ვეძებდით ადგილს და ჩვენმა ერთმა მეგობარმაც გვაპოვნინა ეს შესანიშნავი ადგილი, თამარ მეფის 18 ნომერში, სადაც ვთქვით, რომ თეატრი უნდა ყოფილიყო. მისი კარი ღიაა ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, თავისი შემოქმედება გამოფინოს, დადგას სპექტაკლი ან ჩაატაროს კონცერტი და ამისი საშუალება სხვაგან არ ეძლევა.

„ქალაქის თეატრში“ პრემიერაა – 16 და 17 ივლისს გიორგი კიკნაძის სადებიუტო სპექტაკლში კოკო როინიშვილი ითამაშებს

როგორც მივხვდი, ეს თეატრი ექსპერიმენტული იქნება ბევრი მიმართულებით…

ანი იმნაძე: 

რა თქმა უნდა, მთავარი მიმართულება თეატრი იქნება, მაგრამ გამოფენა, კონცერტი, ფილმის ჩვენება თუ სხვა რამ ამ სივრცეს თავის მთავარ დანიშნულებას არ დააკარგვინებს. მახსოვს, გახსნის დღეს მოვიდა ჩვენთვის უცნობი გოგონა, ანა, რომელმაც გამოთქვა სურვილი, ჩვენთან ერთად დაელაგებინა თეატრი. ასეთი ბევრი შემთხვევა გვქონდა. ეს დიდი ძალაა, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც გვჯეროდა – გამოგვივიდოდა… თეატრი არის ხალხისთვის. გვსურს, თეატრში მოსული მაყურებელი გაუგებრად არ გავიდეს აქედან. გვინდა, თეატრი ხელმისაწვდომი იყო არა მხოლოდ პარტერიდან, არამედ სპექტაკლის შემდეგაც – არიან ადამიანები, რომელთაც აინტერესებთ, რა ხდება კულისებს მიღმა, როგორი ხარ მსახიობი სპექტაკლის შემდეგ… რატომაც არა?! სპექტაკლის შემდეგ ამ ურთიერთობებს სხვა ხიბლი ექნება.

 

პანდემია განსაკუთრებულად შეეხო ხელოვანებს და ამ იდეასაც ხომ არ მისცა ბიძგი?

კოკო: 

ზუსტად პანდემიის დროს დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა, სხვათა შორის, პანდემიის შემდეგ უფრო გამოჩნდა, როგორ უყვართ ადამიანებს თეატრი. გულწრფელად გეტყვით, ორწლიანი პაუზის შედეგ, როცა თეატრები გაიხსნებოდა, ვეღარ დაიბრუნებდა მაყურებელს იმავე რაოდენობით. არ ვიცი, რატომ მქონდა ეს განწყობა, მაგრამ შევცდი. ანის, სხვათა შორის, პირიქით ეგონა და მისი აზრი აღმოჩნდა სწორი. ორჯერ მეტი მაყურებელი მოვიდა თეატრში, სავსეა დარბაზები მარჯანიშვილის თეატრში თუ სხვაგან. აქაც, პირველ ორ სპექტაკლზე მთლიანად გაივსო. უყვარს ხალხს თეატრი… ჩვენი თეატრი იტევს 110 ადამიანს, მაგრამ მობილური სივრცეა და პარტერი შეიძლება გაიშალოს.

ამ შაბათ-კვირას, 16 და 17 ივლისს, ახალ სპექტაკლს წარმოადგენთ...

ეს არის გიორგი კიკნაძის დებიუტი, მისი პირველი სპექტაკლი სახელწოდებით „კუნძული“. გიორგი ამ თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია. ქალაქის თეატრი გაიხსნა თინათინ წულაძის სპექტაკლით, რაც მისთვის ასევე დებიუტი იყო. რაც შეეხება „კუნძულს“, მე მერგო პატივი ვითამაშო ამ სპექტაკლში ანუკა გრიგოლიასთან, შესანიშნავ მსახიობთან ერთად. გიორგის ძალიან კარგი ნამუშევარი გამოუვიდა და მე და ანუკაც არ ვაკლებთ ცდას. ორი ერთმანეთისგან საკუთარი მოსაზრებებით სრულიად განსხვავებული ადამიანი შემთხვევით აღმოჩნდება კუნძულზე, მარტო – როგორ ვითარდება მათი ამბავი საინტერესო ფინალით, ამას ნახავს მაყურებელი.

ალბათ, კარგად ეხმიანება დღევანდელი საზოგადოების მდგომარეობას საქართველოში…

ვფიქრობ, ძალიან ეხმიანება. საზოგადოება ორად არის გახლეჩილი. ჩვენი სათქმელი ისაა, რომ მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, ადამიანები ერთმანეთს მტრად არ უნდა მოეკიდონ.

ანი: 

აქვე დავამატებ, რომ ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე biletebi.ge.

საუბრისას აღნიშნეთ, რომ თეატრი თქვენი მეორე სახლია. ვისაუბროთ პირველზე. გავიცანი თქვენი ქალიშვილი, რომელიც ძალიან ინტერესიანი გოგონაა, ახლაც წიგნით ხელში მოვიდა ჩვენთან შესახვედრად და როგორც აღმოვაჩინეთ, ექიმობა სურს და არა მსახიობობა…

მარიამი: 

მსახიობობა იმიტომ არ მინდა, რომ… ჯობს, ამის შესახებ დედამ მოყვეს… მან მითხრა, რომ რთული პროფესიაა. მინდა ექიმობა, ზოგადი ქირურგობა.

ანი: 

რამდენჯერმე თვალი შეავლო სერიალს „გრეის ანატომია“, რომელსაც მე ვუყურებ და თავად, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ექიმის პროფესია მოეწონა.

მარიამ, ამდენ წიგნს რომ კითხულობ, თამაშისთვის დრო გრჩება?

კი… დედიკოს და მამიკოს ვეთამაშები ხოლმე ასეთ თამაშს – 5 წამში უნდა ჩამოვთვალოთ სიტყვა, რომელიც ერითმება მაგალითად, სიტყვა ბალახს. ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი საყვარელი თამაში.

როგორი გოგონა გინდათ, რომ მარიამი გაიზარდოს?

ანი:

როდესაც მარიამი რაღაცას მეკითხება, ყოველთვის ვცდილობ, არჩევანის საშუალება მივცე, სანამ რჩევას გავუზიარებ. ვეუბნები, რომ მის გვერდით ვიქნები და ყოველთვის მეყვარება ნებისმიერ შემთხვევაში. თუ სურს, გაითვალისწინებს ჩემს რჩევას. ფიქრობს ხოლმე ამაზე.

კოკო: 

ჩვენი მთავარი სურვილია, გაიზარდოს ისეთი, როგორიც გაიზრდება, მთავარია, იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი.

მშობლებიდან გამომდინარე ასეთი ფუფუნება გქონდა, ასეთი თავისუფლება?

უფრო მეტი შეზღუდვა მქონდა მე? მგონი, არა. უბრალოდ, მაშინ უფრო ვიწრო ხედვები არსებობდა, ბნელ 90-იანებში, როცა სხვაგან ვერ იყურებოდი.

ანი:

სამწუხაროდ, სტერეოტიპული აზროვნება დღემდე მოდის და ჩვენს თაობასაც მოგვყვება, ვცდილობთ ჩვენს შვილებთან ერთად ამის დანგრევას საკუთარ თავში და ყველაზე მეტად ეს პროცესი მომწონს ჩემს შვილთან ურთიერთობაში, – ამ მხრივ შეცდომაც დამიშვია, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ ბოდიშის მოხდა შემიძლია ჩემი შვილისთვის.

რა შეცვალა მარიამმა თქვენს ურთიერთობაში?

კოკო: 

შვილმა შეცვალა ის, რომ პასუხისმგებლობა მეტია და რაღაც მომენტში კონცენტრირებული სხვა რაღაცაზე ხარ, შვილმა ჩვენი ურთიერთობა გაამდიდრა. მაგარია იმის შეგრძნება, რომ უყურებ შენი დიდი სიყვარულის ნაყოფს. რაც შეეხება ჩემი და ანის ურთიერთობას, ყოველდღე უფრო და უფრო მეტად მიყვარს ანი და იმედი მაქვს… (იცინიან).

ანი: 

ანის – კოკო… როცა ვუყურებ ხოლმე მარიამს და მასში კოკოს თვისებებს აღმოვაჩენ ხოლმე, ძალიან მომწონს და მსიამოვნებს…

რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ერთმანეთში?

კოკო: 

მე ისე არ შემიძლია სიყვარულისა და ბედნიერების გამოხატვა, როგორც ანის. როცა უნდა გამოვხატო, ვკომპლექსდები ხოლმე. კეთილი შურით მშურს ანისი, რომ ძალიან გულღიაა და შეუძლია ემოციის გამოხატვა. მოწონებით კიდევ ბევრი რამ მომწონს, ბევრი… რაც არ მომწონს, მითქვამს მისთვის. კიდევ, პირდაპირ იცის რაღაცის თქმა და ესეც მომწონს.

ანი: 

ხანდახან ჩემთვის მისი სიმშვიდე შესაშურია. მე რა მიყვარს კოკოში? არ არსებობს სიტუაცია, შეიძლება, ძალიან ცუდადაც ვიყო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ კოკოს შეუძლია გამაღიმოს… აი, გამახსენდა და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. ყოველთვის მაგრძნობინებს სიყვარულს… ჩემი შვილი ემოციურობაში მე მგავს, სხვათა შორის. ყველაფერზე ვტირით… კოკოში არ მომწონს, რომ უნდა გამოვძალო ინფორმაცია. მაგალითად, რაღაც ეწყინა, მე უნდა მივხვდე თავად, რა ეწყინა. მირჩევნია, თავად მითხრას ხოლმე. 13 წელია, ამას ვეუბნები, მაგრამ…

კოკო: 

დღეს გახდა ქორწინებიდან 10 წელი, ერთად ყოფნიდან – 13…

რა ისწავლეთ ამ წლების განმავლობაში, როგორ უნდა შეინარჩუნონ ადამიანებმა ურთიერთობები?

ძალიან მარტივია!.. სულ აღმოჩენებში უნდა იყო. მიფიქრია ამაზე და ეს არის ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთ საფუძველი.

ანი:

არ უნდა გაგიჩნდეს დასაკუთრების განცდა, მორჩა, ის ჩემია… ეს ფიქრი რაღაცნაირად უნდა გადააგდო, რადგან არავის არავინ არ ჰყავს გარანტირებულად, მთელი ცხოვრება.

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

ფოტო: დათუნა აგასი