LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მიდიან უმრავლესობის დეპუტატები – ივანიშვილის თამაშები თუ რეალური პოლიტიკური კრიზისი

380
71350879-2533019296758000-3102090887459504128-o

ბოლო ერთ თვეში, „ქართული ოცნებიდან“ წასული 15-მდე დეპუტატი, აქციები ქუჩაში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, ხელისუფლების მიერ აქციის წყლის ჭავლით დაშლა, შეშფოთებული საერთაშორისო პარტნიორები და ივანიშვილის „რჩევები“ – დავტოვოთ ქვეყანა და ევროპაში სამუშაოდ წავიდეთ – ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია, როდემდე გაგრძელდება ერთი კაცის თამაში საკუთარი ქვეყნითა და ხალხით და სად არის შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი, რადიო „ფორტუნა“ ექსპერტებს და პოლიტიკოსებს ესაუბრა.

ერთ-ერთი ბოლო დეპუტატი, რომელმაც უმრავლესობა დატოვა აკაკი ზოიძეა. ის არა მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“, არამედ ზოგადად, პოლიტიკიდან წავიდა. როგორც მან “ფორტუნას” დღის თემაში განაცხადა, მიზეზი პოლარიზებული გარემოა.

"ჩემს ადგილს დღევანდელ პარტიულ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავ" - აკაკი ზოიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

"ვერ შევძელით კოლეგების ნაწილის დარწმუნება, რომ 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა."

„პროპორციული იყო ერთ-ერთ ფაქტორი, რის გამოც დავტოვე უმრავლესობა და საერთოდ პარლამენტი. მე არ მომწონდა ის პოლარიზებული გარემო, რაც დღეს გაქვს. ვიმედოვნებ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიალოგს დაუბრუნდება. უბრალოდ, მე ასეთ პირობებში ჩემ ადგილს ვერ ვხედავ პოლიტიკაში“, – ამბობს ზოიძე.

„ფორტუნას“ კითხვაზე, პოლარიზებული გარემო, რომელიც 2012 წლიდან არსებობს, მან მხოლოდ ახლა რატომ შეამჩნია, უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა უპასუხა:

ველოდებოდი, რომ გამოსწორდებოდა, ამ მხრივ, ჩემთვის პროპორციული არჩევნები იყო მნიშვნელოვანი. ის, რომ ნულოვანი ბარიერით ჩაატარებ არჩევნებს, ამით მეტი მოქალაქე აიღებდა ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას. ეს გადაიყვანდა ამ პროცესს სხვა ფაზაში“.

– გადაწყვეტილება საბოლოოა თუ აპირებთ მომავალში ისევ პოლიტიკაში დაბრუნებას?

– არასდროს უნდა თქვა, არასდროს. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ამ პოლიტიკაში ყოფნის საჭიროებას, ინტერესს და რესურსს, თუმცა მომავალში რა მოხდება, არ ვიცი.

– სად წახვედით?

– ჯანდაცვის, პოლიტიკის სფეროში დიდი ხანია ვმუშაობდი, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის გარეთ, გავაგრძელებ ჩემს ექსპერტულ საქმიანობას.

 

აკაკი ზოიძისა და მისი კოლეგების უმრავლესობიდან წასვლას პოლიტიკური კრიზისის მთავად ინდიკატორად მიიჩნევენ ოპოზიციასა და ექსპერტულ წრეებში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მას „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების გულწრფელობის სჯერა.

„გუნდი იმ ადამიანებმა დატოვეს, ვინც ამ თვეების განმავლობაში პროპორციულ სისტემაზე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობდა. ამის შემდეგ , მინდა დავიჯერო, რომ ამ ადამიანებს მართლად გაუჩნდათ შინაგანი პროტესტი. ივანიშვილმა კი ისინი „გადააგდო“, საქმის კურსშიც კი არ ჩააყენა.

მარიამ ჯაშმა ქართული ოცნება დატოვა

ჯაშმა განამრტა, რომ გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ კენჭისყრიდან 3 საათის შემდეგ იმიტომ მიიღო, რომ ეს ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილიყო.

„გავრილოვის ღამის“ შემდეგ, ეს დეპუტატები ხელისუფლების ქმედებებს ამართლებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მათთვის მისაღები არ იყო. ვხედავთ, რომ საჯარო მოხელეების გარდა, აღარავინ დარჩა ხელისუფლებას. კრიზისი ნამდვილად არის. მათი მხრიდან ძალადობა უკვე იმას ნიშნავს, რომ კრიზისია.

– ეს რას ცვლის, თუნდაც ამ კრიზისს ხელისუფლება გრძნობდეს, ამით ქვეყანაში რა იცვლება?

– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილის თანხების დიდი ნაწილი დასავლეთშია აკუმულირებული. დარწმუნებული ვარ ის უკვე დაფიქრდა ბევრ რამეზე.

– რა ნაწილში გამოიხატება ივანიშვილის დაფიქრება ან დაფიქრება რას ნიშნავს, რომ ის დათმობაზე წამოვა?

– დაფიქრების ნიშანია თუნდაც ის, რომ ოპოზიციასთან ძალდატანებითი დიალოგი გაიმართა. ეს იყო პარტნიორების მხრიდან დიდი ზეწოლის შედეგი. ივანიშვილი აშკარად ჩაფიქრებულია. ის, რაც დღეს ხდება, მისი ფეოდალური რეჟიმის გაშიშვლებული სახეა, მას აქვს რაღაც შიშები და თავისი ქმედებებით სურს, რომ როგორმე ფონს გავიდეს.

 

კიდევ რამდენ თანაგუნდელს დაემშვიდობება ივანიშვილი?

 

„ოცნების“ უკვე ყოფილი დეპუტატების გულწრფელობაში ეჭვი ვერ შეაქვს ვერც პოლიტოლოგ გია ნოდიას. ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და განსაკუთრებით კი – უმრავლესობის შიგნით.

თუ დავაკვირდებით, ვინ მიდის “ოცნებიდან”, დავიჯერებთ, რომ ისინი გულწრფელად მიდიან. ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ მაჟორიტარების აჯანყების ტრიუკი ივანიშვილმა საკუთარ გუნდს გაუთამაშა. ბოლო პერიოდში უკვე 13 დეპუტატი წავიდა, შეიძლება ეს ამ წუთას უმრავლესობას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ივანიშვილს რომ სჭირდება მაჟორიტარების აჯანყება და ასეთი გათამაშებები, ეს უკვე კრიზისია. აქამდე, ასე თუ ისე, ოპოზიცია პარლამენტში იყო, მუშაობდა, პროტესტიც იყო, მაგრამ შემდეგ მიბრუნდებონენ, მუშაობდნენ, ახლა ესეც აღარ არის. ახლა ამის რესურსი აღარაა. ერთადერთი რესურსი საარჩევნო ცვლილებაა. ერთადერთი იმედი საერთაშორისო პარტნიორები არიან. ჯერჯერობით, ხელისუფლება მათ ელაპარაკება და ნაციონალებს არ ეძახის“.

პარტნიორები არა, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები დიდი ხანია „ნაციონალებად“ მოინათლნენ და საერთოდ, დღეს აღარავის უკვირს, განსხვავებული აზრის გამო თუ ნაციონალს დაუძახებენ. სახელებისა და იარლიყების მიწებებას არაუშავს, მთავარია, ივანიშვილმა სათითაოდ ყველას, ცალმხრივი ავიაბილეთი არ „მოგვაწებოს“ და საკუთარი ხელით არ გაგვიშვას „ევროპებში“ სამუშაოდ. ამ თემაზე, მილიარდერი, ჯერჯერობით მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლება. თუ მის რჩევას არ გავითვალისწინებთ, მერე უკვე სხვა ტრიუკს მოიფიქრებს.