საქართველოში მომხმარებელს შოპინგის ჩვევა შეეცვალა. ამის შესახებ Colliers International Georgia აცხადებს, რომელაც აღნიშნული მიმართულებით კვლევა ჩაატარა.
ორგანიზაციის ცნობით, საცალო ვაჭრობის სექტორს საქართველოს მშპ-ში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წილი შეაქვს. დედაქალაქი თბილისი კი კვლავ რჩება კომერციული უძრავი ქონების ბაზრის მთავარ მიმწოდებლად საქართველოს სამ ძირითად ქალაქს შორის.
”სწრაფი ზრდის მიუხედავად, თბილისი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას მნიშვნელოვნად ჩამორჩება თანამედროვე სავაჭრო ცენტრების მიწოდებით ყოველ ათას სულ მოსახლეზე. ჩვენი ანალიზის თანახმად, ბოლო წლებში თანამედროვე სავაჭრო ცენტრების გახსნამ ეტაპობრივად შეცვალა მომხმარებლის შოპინგის ჩვევა. ერთიანი სივრცე, სადაც საქონლისა და სერვისების სრული სპექტრია თავმოყრილი მეტად კომფორტულია მომხარებლისთვის, რაც სავაჭრო ცენტრების პოპულარობას განაპირობებს. ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე შემოსული საერთაშორისო ბრენდების უმრავლესობა სწორედ სავაჭრო ცენტრებში ხსნის მაღაზიებს, შესაბამისად ქუჩის რითეილი კარგავს აქტუალობას შოპინგისთვის და სხვა პროფილით ვითარდება”, – აღნიშნულია Colliers International Georgia-ს კვლევაში.
მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ თბილისში 2016 წლის მეორე ნახევარში სავაჭრო ცენტრების მიწოდება 10%-ით გაიზარდა, ხოლო მომავალი ექვსი თვის ჭრილში ამავე მაჩვენებლის 43%-იანი (დაახლოებით 110 000 კვ.მ.) მატებაა მოსალოდნელი.
”თბილისის ერთ-ერთ პერიფერიულ უბანში, გლდანში, მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება. სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 40 000 კვ.მ ჯამური ფართის სამი თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. აღნიშნულ უბანში საცალო ვაჭრობის ბაზარზე მაღალი კონკურენცია ფიქსირდება. მაღალი მიწოდების მიუხედავად, მოთხოვნაც ზრდადი ტენდენციით ხასიათდება, რაზეც ახალგახსნილ სავაჭრო ცენტრებში მაღალი დატვირთულობა მეტყველებს”, – განმარტავენ ორგანიზაციაში.
Colliers International Georgia-ს ინფორმაციითვე, თბილისში, 2016 წელს ჯამურად 30 000 კვ/მ. ფართი გაქირავდა. აქედან 33% საყოფაცხვრებო საქონლისა და ავეჯის მომწოდებელ კომპანიებზე მოდის. ქართულ ბაზარზე შემოვიდა რამდენიმე საერთაშორისო ბრენდი (BRICORAMA, JYSK), ხოლო არსებულმა კომპანიებმა გააფართოვეს მაღაზიათა ქსელი (SUPER).
კომერციულად აქტიურ ქუჩებზე (პეკინის ქუჩა, რუსთაველის, ჭავჭავაძის და აღმაშენებლის გამზირები) ძირითადი მოთხოვნა შემდეგ კატეგორიებზეა:
• ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (45%)
• მომსახურების სფერო (21%)
• კვების ობიექტები (20%)
რაც შეეხება საიჯარო ფასს, საშუალო შეწონილმა იჯარამ სავაჭრო ცენტრებში 16 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4%-ით აღემატება 2016 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს. კომერციულად აქტიურ ქუჩებზე საშუალო შეწონილი იჯარა 3%-ით შემცირდა და 32 დოლარს გაუტოლდა.