12 ნოემბერს, 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება. სპორტის ამ სახეობის მოყვარული თუ ხართ, ეს ინფორმაცია ალბათ, ნაკლებად გეტყოდათ რაიმეს, მაგრამ თუკი სექსუალური მორაგბის მიმზიდველ მიპატიჟებას ნახავთ სარაგბო მოედანზე, მაშინ შეიძლება, მოიფიქროთ და სიამოვნებით გაეშუროთ თამაშის სანახავად.
ეს ნახევრად ხუმრობით, მორაგბეებს მხარდაჭერა ნამდვილად არ აკლიათ, თუმცა შარიქაძის მიწვევას სტადიონზე რაგბის გულშემატკივრებთან ერთად, უამრავი ამ სპორტში ნაკლებად ჩახედული ადამიანი აზიარებს. მერაბი ასევე მოგვიწოდებს, იმავე დღეს საღამოს ცხრა საათზე საფეხბურთო ნაკრებსაც ვუგულშემატკივროთ „დინამოს“ სტადიონზე. ისინი მოლდოვის წინააღმდეგ ითამაშებენ. აი, ამ შეთავაზებაზე რაგბის ფანებს შემხვედრი წინადადება აქვთ და მორაგბეებს მიმართავენ – „არ შეიძლება, რომ ფეხბურთიც თქვენ ითამაშოთ?“
რაც შეეხება მერაბ შარიქაძეს, ის 22 წლის გახლავთ, საფრანგეთში თამაშობს და საქართველოს ნაკრების წევრია 18 წლიდან. გოგონებს აუცილებლად დააინტერესებთ, რომ ის ჯერჯერობით დასაოჯახებელია.