აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ვაშლის ჩიფსების ბაზარზე რეალიზებას მიმდინარე წლის ივნისიდან განახორციელებენ. როგორც ”ფორტუნას” პროექტის იდეის ავტორმა, შალვა მძინარაშვილმა განუცხადა, ჩიფსების წარმოება უახლოეს დღეებში დაიწყება.
”აგრარულმა უნივერსიტეტმა გამოგვიყო ფართი, სადაც მცირე საწარმო მოვაწყვეთ. საწარმოო ხაზი უკვე დასრულებულია, ახლა გარკვეული დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს. საწყის ეტაპზე მხოლოდ ვაშლის ჩიფსებს გამოვუშვებთ, სამომავლოდ კი ჭარხალის ჩიფსების დამზადებასაც ვგეგმავთ”, – აღნიშნა მძინარაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სეზონზე ვაშლის მარაგი მცირეა, თვეში 5000-მდე ჩიფსი გამოვა, სექტემბრიდან კი წარმოებული პროდუქციის რაოდენობა გაიზრდება. ”რაც შეეხება რეალიზაციას, ვგეგმავთ ივნისის ბოლოდან 2-3 კაფეში შევიტანოთ პროდუქცია. მათ შორის ერთ-ერთი კაფე, მზიურის ტეროტორიაზე გახსნილი ობიექტი იქნება. გარდა ამისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ”სმარტთან” , რომელიც გვინდა რომ ჩვენი პროდუქციის ექსკლუზიური რეალიზატორი იყოს”, – აღნიშნა პროექტის იდეის ავტორმა.
შალვა მძინარაშვილის თქმით, ვაშლის ჩიფსების ფასი ყველასთვის მისაღები იქნება. პროდუქციის შეფუთვასა და სახელზე მუშაობა კი დასასრულს უახლოვდება. ”კონკურსი გვაქვს გამოცხადებული თავისუფალი უნივერსიტეტის ”დიზაინის სკოლის” სტედენტებს შორის, რომლებიც ვაშლის ჩიფსების შეფუთვის დიზაინს შექმნიან”, – განმარტა მძინარაშვილმა.
ცნობისთვის, აგრარული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტთან ერთად, შალვა მძინარაშვილმა პირველი იდეა ვაშლის ჩიფსების წარმოების შესახებ ბიზნესიდეების ერთ-ერთ კონკურსზე გაიტანა, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა და 5 ათასი ლარი მოიგო. შემდეგი ეტაპი “სტუდენტური ინოვაციების” პროგრამის ფარგლებში TS ფონდის გამოცხადებული კონკურსი აღმოჩნდა, სადაც გუნდმა 10 ათასი ლარის მოგება შეძლო. როგორც სტუდენტი ამბობს, ის სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას კვლავაც აგრძელებს.