თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის წარმატებით მიმდინარეობასა და განხორციელებაში ეჭვი კახი კალაძეს არც პროექტის გამოცხადების დღეს ეპარებოდა და მას შემდეგ ყველა სხდომა და სიტყვით გამოსვლაც აღნიშნული რეფორმის ქება-დიდებით იწყება და სრულდება. თეთრად გადაღებილი ტაქსების ვალდებულებას, ქიმწმენდის ვაუჩერის უფასოდ მიღების სურვილი დაემატა, რომელსაც ასევე მერია გააკონტროლებდა და როგორც კახი ლაკაძე აცხადებდა, მანქანების სისუფთავეს სპეციალური კომისია შეამოწმებდა. დედაქალაქის მგზავრების კომფორტზე მორგებულ რეფორმას, როგორც ამას მერი აღიქვამს, ხარვეზებიც თან ახლავს. ძველი საქალაქო ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლებამ, დედაქალაქში ვერც საცობების პრობლემა მოაგვარა და ვერც ხალხმრავლობა, როგორც ტრანსპორტში, ასევე მეტროში. კახი კალაძის „ბედნიერი“ მგზავრებით გადაჭედილი საქალაქო ტრანსპორტი ხან ტექნიკური გაუმართაობის გამო შუა გვირაბში ჩერდება და ხანაც გზაზე კვამლში ეხვევა. ლიცენზირებული ტაქსების რაოდენობა გაიზარდა და გაიზარდა „თეთრი ტაქსით“ მომსახურეობის საფასურიც. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერმა ამ ფაქტს „პირველი დღის ეფექტი“ უწოდა, აღნიშნული ეფექტი უკვე „დეფექტის“ სახით დღემდე გრძელდება.
თეთრი ტაქსების სისუფთავე ჯერ არავის არ შეუმოწმებია, თუმცა ვაუჩერის დარიგების რამდენიმედღიანი ვადაც მალევე ამოუწურა და მერიის მიერ მითითებულ მისამართებზე მისულ მძღოლებს ეუბნებიან, რომ ვაუჩერი დამთავრდა.
თვეზე მეტია აღნიშნული ქიმწმენდის მომსახურეობის დამადასტურებელი ფურცლისთვის დადის ვალერი ბიჭიაშვილი, რომელიც დედაქალაქს 14 წელია საკუთარი ავტომობილით ემსახურება. როგორც თვითონ გვიყვება, ჯერ იძულებული გახდა მანქანა თეთრად გადაეღება, შემდეგ მისცეს ტაქსის მანათობელი ნიშანი, ტექინსპექტირება უნდა გაევლო და შეპირდნენ უფასო ქიმწმენდის ვაუჩერს, თუმცა მას შემდეგ ორი თვე უკვე გავიდა, ვაუჩერი კი ვერ მიიღო. მისივე თქმით, კალაძის მიერ მითითებულ მისამართებზე მისულს ეუბნებიან, რომ ვაუჩერი დამთავრდა და შემდეგ ეტაპს უნდა დაელოდოს.
„სახლში პურის ფული რომ მივიტანო, სამსახურის შემდეგ ვტაქსაობ. ხანდახან მთელი ღამე მიწევს მუშაობა და ღამენათევი ისევ საჯარო სამსახურში გავრბივარ. კახი კალაძემ მოგვატყუა, ვაუჩერები რამდენიმე დღე დარიგდა მოსაჩვენებლად. მერე გვითხრეს, რომ მეორე ეტაპიც იქნებოდა, მაგრამ მას მერე 10-ჯერ ვარ მისული და მეუბნებიან, არ არის დამთავრდა და არ ვიცით როდის განახლდება გაცემაო. ჩემს მანქანას ისედაც ვუვლი და სულ არ მჭირდება კალაძის ვაუჩერი. მოვიდნენ და შეამოწმონ სისუფთავეც და გამართულობაც, მაგრამ რატომ იტყუებიან“, – აცხადებს ვალერი ბიჭიაშვილი.
თბილისის მერიამ ორი წელი შეაჯამა – კალაძის საპატიო სტუმრები „მონებო“ შეძახილის ფონზე წავიდნენ
ინფორმაცია თბილისის მერიაში გადავამოწმეთ, სადაც აგვიხსნეს, რომ ვაუჩერებთან დაკავშირებით უნდა მივმართოთ იმ კერძო კომპანიებს, ვინც უშუალოდ არის ჩართული პროექტში. მათივე განმარტებით, ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპიც, რომელიც 1 ნოემბერს დაიწყო, ათასობით მსურველი იყო ჩართული, ხოლო კონკრეტული კითხვებისთვის „ავტოსპა“ და „ავტოშხაპი“-ში გადაგვამისამართეს.
“ფორტუნა” თბილისის მერიის მიერ მითითებულ კერძო კომპანია “ალმას” წარმომადგენელს როლანდ გაბაიძეს დაუკავშირდა.
“სატრანსპორტო პოლიტიკის მეორე ეტაპზე, რომელიც ნოემბერში დაიწყო, დღეის მდგომარეობით უკვე 528 ადამიანმა ისარგებლა. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, შეუძლიათ დღესვე მობრძანდნენ და დღესვე მიიღებენ ქიმწმენდის მომსახურებას”, – გვითხრა გაბაიძემ.
კერძო კომპანიის განმარტებით, ისინი პროექტში აქტიურად არიან ჩართული და დედაქალაქის მერიის მიერ მიმდინარე პროექტებს ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტად აფასებენ.