სად არის ჩემი შვილის მკვლელი? – ეს არის ჩემი მთავარი კითხვა, მაგრამ სამწუხაროდ, არ მგონია იქ კითხვა დამასმევინონ, – ამის შესახებ ზაზა სარლიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლაზე დასწრებით მიზნით ქუთაისში ჩავიდა.
სარალიძის თქმით, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ბოლო 3 თვის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა და პლენარულ სხდომაზე სიახლეებს ელოდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და პროკურატურისგან ყოველდღე ველოდები სიახლეებს იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ არის გაკეთებული ბოლო 3 თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, სიახლეებს ველოდები. ამის გამო ვარ ჩამოსული, რომ მინისტრისა და დეპუტატების პასუხებს მოვუსმინო, ვინც კი ჩაერთვება ამ დებატებში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველთვის ერთსა და იმავეს მიმართავენ, რომ მზად არიან დამნაშავეების დასაკავებლად, მაგრამ ფაქტია, პროკურატურა თავს იკავებს. პროკურატურაში სხვა პასუხს ვიღებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში – სხვას ანუ შსს მზად არის მკვლელების დასაკავებლად, მაგრამ პროკურორები არ გასცემენ შესაბამის განკარგულებებს, რათა გარკვეული პირები პასუხისგებაში მიეცნენ. პროკურატურა გვიმარტავს ასეთ რამეს, რომ თითქოს არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც კონკრეტულ პირს ბრალი წარედგინება, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს მტკიცებულებები არსებობს საქმის მასალებში, ყველაფერი გამოკვლეული და ნათელია, უბრალოდ ამას სჭირდება ვიღაც ადამიანის კეთილი ნება, რომ სამართალი აღსრულდეს. სად არის ჩემი შვილის მკვლელი? – ეს არის ჩემი მთავარი კითხვა, მაგრამ სამწუხაროდ, არ მგონია იქ კითხვა დამასმევინონ,” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.