„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა საცობების შემცირებას, სიჩქარის გადაჭარბების, თუ სხვა მნიშვნელოვანი დარღვევების კონტროლს, საგზაო მოძრაობისა და პარკირების მართვას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა და ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის უპირატესობებზე ისაუბრა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლალიაშვილი ახალ სატრანსპორტო პროექტს გამოეხმაურა, რომელიც თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს და თქვა, რომ მისი დანერგვა მისასალმებელია.
როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, ჭკვიანი სისტემა ევროპულ ქალაქებში ათწლეულების განმავლობაში მუშაობს, სატრანსპორტო ნაკადებს არეგულირებს და ერთდროულად ბევრ კეთილ საქმეს ემსახურება.
„ვფიქრობ, თბილისშიც დადგა დრო ამ ტიპის ჭკვიანი სისტემები დაინერგოს. რას გულისხმობს ეს სისტემა – სენსორების მეშვეობით იქნება ეს, კამერების, რადარების, თუ შუქნიშნების, მთლიანი ქალაქის კონტროლი და მართვა ხდება შესაძლებელი. მართვა ხდება იმ კუთხით, რომ სატრანსპორტო ნაკადების, რომელიც დღეს შეიძლება, ითქვას, მეტ-ნაკლებად უმართავია, აბსოლუტური მართვა იქნება შესაძლებელი.
სადაც არის მოჭარბებული ავტომობილები და გამტარუნარიანობა შეზღუდულია, ჭკვიანი სისტემის მეშვეობით მათი განეიტრალება მოხდება. რასაკვირველია, ეს იმასაც გულისხმობს, რომ შუქნიშნები რეალურ დროსა და „ლოკაციებზე“ ისე იმუშავებს, რომ საცობები მაქსიმალურად შემცირდეს.
გარდა საცობების შემცირებისა და განეიტრალებისა, ჭკვიანი სისტემები სიჩქარის გადაჭარბების, თუ სხვა მნიშვნელოვანი დარღვევების კონტროლსაც ემსახურება. ეს ერთმანეთთან იქნება ინტეგრირებული. კამერები არათუ ცალ-ცალკე იმუშავებს, არამედ, სისტემა ერთმანეთთან შეკავშირებული იქნება“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
ამასთან, ლალიაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარდეს, ხოლო ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის მუშაობით უკეთეს ეკოლოგიურ მდგომარეობასაც მივიღებთ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვის პარალელურად საზოგადოებრივი ტრანსპორტიც განვითარდეს, რათა ავტომობილების რაოდენობა მეტ-ნაკლებად დაბალანსდეს.
ვერ წარმომიდგენია, ავტომობილების რაოდენობა მუდმივად გაიზარდოს და რომელიმე ჭკვიანი სისტემა ამას მოერიოს, თუ პარალელურ რეჟიმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იქნება, რომელიც მოქალაქეებს, მძღოლებს, ავტომობილებიდან გადმოსხდომის საშუალებას მისცემს.
ამიტომ, ვფიქრობ, ეს ორი სისტემა პარალელურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს. რაც შეეხება პარკირების სისტემას – ჭკვიანი სისტემა გვაძლევს საშუალებას, ბევრი არ ვიაროთ და აპლიკაციაში ვნახოთ, სადაა თავისუფალი საპარკინგე ადგილები.
ეს საბოლოო ჯამში იქამდე მიგვიყვანს, რომ იქნება ნაკლები საცობი, ასევე მეტი კომფორტული, შეკავშირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იქნებიან კანონმორჩილი მძღოლები, რადგან განცდა ექნებათ, რომ მათი თითოეული დარღვევა კონტროლდება.
რასაკვირველია, ამ ყველაფერთან ერთად უკეთეს ეკოლოგიურ მდგომარეობასაც მივიღებთ. ჭკვიანი სისტემის მეშვეობით შეიძლება, ქალაქის სხვადასხვა „ლოკაციებზე“ ჰაერის ხარისხი და გამონაბოლქვი გაკონტროლდეს.
ამიტომ, ვფიქრობ, ამ სისტემის დანერგვის შემდეგ ბევრი შესაძლებლობა გვექნება საგზაო მოძრაობა ვმართოთ და ჩვენს დედაქალაქში პოზიტიური ცვლილებები განვახორციელოთ.“ – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
ცნობისთვის, ახალი სატრანსპორტო პროექტის შესახებ, რომელიც თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა.