უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იწყება. პროექტის პრეზენტაცია დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამართა, სადაც საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდა როგორც ხიდის მშენებლობის ასევე, მიმდებარე ტერიტორიების ინფრასტრუქტურული განვითარების თაობაზე. კახა კალაძის თქმით, ხიდის მშენებლობა ორი წელი გაგრძელდება და 2023 წლისთვის დასრულდება.
„უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი აშენდება საფეხმავლო ხიდის გვერდით. ხიდი დაახლოებით ნახევარ-კილომეტრიანი და ოთხზოლიანი იქნება. ამ პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ორი მნიშვნელოვანი კვანძი უნივერსიტეტის ქუჩაზე და ბაგები-წყნეთის გზაზე, რის შედეგადაც, ის საცობები, რაც დღეს გვაქვს თამარაშვილის ქუჩაზე, ასევე წყნეთიდან ჭავჭავაძის მიმართულებით, განიტვირთება და მოძრაობა უფრო თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, პროექტისთვის 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოწესრიგდება ბაგების დასახლების გზებიც.