LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცობები და რიგები წინასაახალწლოდ – რა დაგიჯდებათ ტრადიციული საახალწლო სუფრის გაშლა

გოჭი

თბილსი საახალწლოდ უკვე მორთული და განათებულია. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მოქალაქეები იწყებენ ფიქრსა და ზრუნვას, რომელი პროდუქტებით გააწყონ საახალწლო სუფრა. ბოლო 2 კვირაა თბილისის ყველა დიდ ჰიპერმარკეტთან მისასვლელი გზაც გადაკეტილია და თუ მაინც მიაღწიეთ, გილოცავთ, თქვენ ეს 2-3 საათი საცობში დგომის და შემდეგ პარკინგის მოძებნის ფასად დაგიჯდათ, მაგრამ როგორც კი შეხვალთ მაღაზიებში, წააწყდებით უზარმაზარ რიგებსა და საცობებს პროდუქტებთან.

საშობაო სუფრა შემწვარი გოჭის, ინდაურის საცივის, ყველის ასორტის, ჩირის, ჩურჩხელისა თუ გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია, ბაზარში ყველა საჭირო ინგრედიენტი უკვე საკმაოდ უხვადაა წარმოდგენილი. ფასები მაღალია თუ დაბალი, მკითხველი ალბათ, თავად გადაწყვეტს, იმასაც უკეთ განსაზღვრავს, შემოსავლის რა ნაწილი დაეხარჯება საახალწლო სუფრის ორგანიზებისთვის.

რადიო „ფორტუნა“ გთავაზობთ საახალწლო სუფრის ძირითადი პროდუქტების ფასებს. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, პროდუქტზე ფასები ყოველთვის იმატებს, თუმცა წელს ფასების მატებას მოსახლეობა ლარის გაუფასურებასაც უკავშირებს.

ამ დროისთვის საახალწლო სუფრის უცვლელი კერძის – საცივის მომზადებისთვის საჭირო პროდუქტები – ინდაური 80 ლარი ღირს, ერთი კილოგრამი ნიგოზის ფასი კი 26 ლარიდან იწყება, თუმცა სულ რაღაც 3 კვირის წინ ნიგოზის ფასი 16,95 ლარს შეადგენდა.

გთავაზობთ ბაზრობების ფასებს:

ერთი კილოგრამი თაფლის ფასი ხარისხის მიხედვით 20-დან 45 ლარამდე მერყეობს.

ღორის ხორცი 15-20 ლარის ფარგლებშია, საქონლის ხორცი კი 18-დან 25 ლარამდე.

გოჭს ფასი ხარისხის და წონის შესაბამისად 100 ლარიდან იწყება.

საშუალო ზომის ინდაურის ფასი წელს 60 ლარია.

ერთი კილოგრამი იმერული ყველის ფასი 18 ლარიდან იწყება, სულგუნი კი 25 ლარი ღირს.

ნიგოზის ფასი 30-დან- 45 ლარამდე აღწევს.

ჩურჩხელას ფასი (ცალი) 3 ლარიდან იწყება, თუმცა ბაზარზე არსებობს 15 ან 20 ლარიანიც.

რაც შეეხება ხილს, მანდარინის ფასი 3 ლარიდან იწყება.

ვაშლის ფასი 3-დან 7 ლარამდე მერყეობს.

ბანანი – კილოგრამი 7 ლარია.

ტკბილეულის ფასი ყველაზე რთული დასადგენია, არის კანფეტები, რომლის ფასი 10 ლარიდან, ხოლო რამდენიმე 18-20 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება სასმელს, წელს შამპანურის ფასი 8 ლარიდან იწყება, თუმცაღა არჩევანის შესაძლებლობებში თავად გადაწყვეტთ 8 ლარიან შამპანიურს დააგემოვნებთ, თუ 28 ლარიანს.

ღვინის ფასი 18 ლარიდან იწყება.

ეს იყო ბაზრობაზე გამოტანილი საკვების, სასმელისა და ტკბილეულის ფასები, რომლის მიხედვით ახალი წლის ტრადიციული სუფრა, დაახლოებით, 300 – 400 ლარამდე დაგიჯდებათ, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ პროდუქტების ფასები კიდევ მოიმატებს.

განსხვავებული არც ჰიპერმარკეტების ფასებია, თუმცაღა არის რამდენიმე განსხვავება, მაგალითად ნიგოზის ფასი ამ შემთხვევაში 45 ლარიდან იწყება, განსხვავებულია გოჭის ფასი, რომლის საწყისი თანხა 80 ლარს შეადგენს.

საშუალო ზომის ინდაურის ფასი წელს 70 ლარიდან იწყება.

ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის შეძენა 13 ლარადაა შესაძლებელი.

თაფლის შეძენა ბევრად ძვირი ჯდება ჰიპერმარკეტებში, რადგან მისი ფასი 28 ლარიდან იწყება. განსხვავებულია ჩურჩხელას ფასიც,

ამ მონაცემების მიხედვით, წელს ტრადიციული საახალწლო სუფრის მოსამზადებლად საშუალოდ 400-500 ლარია საჭირო.

რადიო „ფორტუნა“ ერთ-ერთ მომხმარებელს გაესაუბრა და ჰკითხა, თუ რამდენად ადეკვატური ფასები აქვს პროდუქტებს და როგორ აპირებს საახალწლო სუფრის გაშლას.

ნინო კვანტალიანის აზრით, ფასები ძალიან ძვირია, თუმცა ის მაინც აპირებს პროდუქტების შეძენას.

„მე ეს პროდუქტები და საახალწლო სუფრა მიქმნის საახალწლო განწყობას, მგონია, ყველა ქართულ, ტრადიციულ ოჯახში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სუფრის გაწყობას. ფასები ძალიან გაძვირებულია, თითქმის, ყველა პროდუქტზე, თუმცა მე მაინც ვაპირებ ტრადიციული საახალწლო სუფრის გაშლას,“ – განაცხადა ნინო კვანტალიანმა.

ნინო კვანტალიანისგან განსხვავებით, სხვა მოსაზრება აქვს ჩვენს რესპოდენტს მარიკა გოგიბერიძეს. მისი აზრით, საახალწლო სუფრის გაწყობას ურჩევნია გასართობად წასვლა, მეგობრებთან ერთად ან მოგზაურობისთვის თანხის დაზოგვა.

„მეც ახლა საახალწლო სუფრისთვის პროდუქტების შესაძენად ვარ გამოსული. არ ვაპირებ გოჭების და ინდაურების შეძენას, მირჩევნია მეგობრებთან ერთად წავიდე გასართობად და დროის სატარებლად ან თუნდაც მოგზაურობისთვის მოვაგროვო ეს თანხა. ჩემი სუფრა ძალიან მოკრძალებული იქნება და ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ,“ – განაცხადა მარიკა გოგიბერიძემ.

ფაქტი კი ფაქტად რჩება, თბილისის ყველა ქუჩა პარალიზებულია, ბაზრობებთან ან ჰიპერმარკეტებთან მისვლა თითქმის, შეუძლებელია. მოსახლეობის ნაწილი საახალწლო სუფრისთვის კრედიტებსა და ვალებს იღებს ან მთლიან ხელფასს ხარჯავს.

ნუცა სალუქვაძე