სოც-ქსელები ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების უსწრაფეს საშუალებად რომ გადაიქცა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. სწორედ ასეთი ხერხით გავრცელდა ის ინფორმაციაც, რომელმაც მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა…
შემთხვევა ტეხასის შტატში მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ პატრულირებისას ერთ-ერთმა ეკიპაჟმა შემოწმების მიზნით სატვირთო ავტომობილი გააჩერა. მისი დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავტომობილში მძღოლის გარდა მისი 1, 3 და 5 წლის შვილები, სპეციალური სავარძლების გარეშე იმყოფებოდნენ.
როგორც სატვირთოს მძღოლმა განაცხადა, ის ათვიცნობიერებდა ჩადენილ კანონდარღვევას და საფრთხესაც, თუმცა არ ჰქონდა საშუალება, ბავშვებისთვის ერთდროულად 3 სავარძელი ეყიდა.
სანამ ეკიპაჟის ერთი წევრი, მძღოლთან საუბრობდა, მეორე წევრმა დრო იხელთა და მაღაზიაში წავიდა. დაბრუნებულმა კი მძღოლს ბავშვებისთვის სავარძლები მოუტანა. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ გააკეთა ეს, მან თქვა: ”რა აზრი ჰქონდა მის დაჯარიმებას? ბავშვები ხომ ისევ სავარძლის გარეშე ივლიდნენ…”
ამ ფაქტით გახარებულმა მამამ პოლიციელს დიდი მადლობა გადაუხადა და მომხდარს სასწაული უწოდა. რაც შეეხება კეთილ პოლიციელს, თანამშრომლებმა მას ფული შეუგროვეს და დანახარჯი აუნაზღაურეს…