გორის მეათე ბაგა ბაღის დირექტორს, ლია ჭონიშვილს ძალადობაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბაღის დირექტორი 13 წლის მოზარდს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდა. მშობლების მტკიცებით, მოზარდს დაზიანებები თავში და მხრის არეში აქვს მიყენებული.
13 წლის მოზარდის დედის ინფორმაციით, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, როდესაც ჭონიშვილი მათთან მივიდა და მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდა. მშობლებს საგამოძიებო უწყებისთვის არ მიუმართავთ. მათი თქმით, ბავშვი სტრესულ მდგომარეობაშია და გარეთ გასვლის სასტიკი წინააღმდეგია.
თავად მეათე საბავშვო ბაღის დირექტორი, ლია ჭონიშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ პატივისა და ღირსების შელახვისთვის მოზარდის მშობლების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს.
„მაგ ქალბატონს ცილისწამებისთვის მე ვადანაშაულებ. ეგ ქალბატონი მაგ საქმეში გაწვრთნილია. გონებადაკარგულ ბავშვს „აბულინგებდნენ“, მაპატიეთ და „ტრუსიკს“ ხდიდნენ, მასხარად იგდებდნენ და სახეში ურტყამდნენ. 80 კილოგრამიანმა ბიჭმა გადმოაგდო ბავშვი, ჩემი შვილიშვილი, ბავშვმა 5 წუთი გონება დაკარგა. არ მიძალადია, ამის მოწმეები არსებობენ,“ – ამბობს ლია ჭონიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.