წყალტუბოს საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საქმე კანონის შესაბამისად გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, რომ ინტოქსიკაციის გამო, წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში ორი დღეა მოწამლული ბავშვები გადაჰყავთ, წუხელ ინტოქსიკაციის ნიშნებით, საავადმყოფოში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს.
ჯერჯერობით ვარაუდია შიგელოზზე, რაც არის ნაწლავური ინფექცია, რომლის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ბოსტნეული ან რძის ნაწარმი იყოს, თუმცა დაზუსტებით ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ.
მომხდარის გამო, მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა.