საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მთელ მიმართულებაზე გზა გაწმენდილია. გუდაური-კობის საუღელტეხილო მონაკვეთზე (კმ94-კმ104), რომელიც ზღვის დონიდან 2400 მეტრზე მდებარეობს, 15 გრადუსი ყინვის პირობებში, შენარჩუნებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობის რეჟიმი ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის (გზა გაწმენდილია და დაყრილია ქვიშა-მარილი).
გზის გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე ოპერატიულად ხორციელდება. ამისათვის ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შესაბამისი სამსახური და მუდმივად მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციაა გზის გაწმენდა და შესაბამისი რეჟიმის დაწესება. ხოლო, დაწესებული რეჟიმისათვის შეუსაბამო აღჭურვილობით (ზამთრის პერიოდის შესაბამისი საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები) მოძრავ ავტოტრანსპორტს, საპატრულო პოლიცია მისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაადგილების უფლებას არ აძლევს.
გთავაზობთ ფოტომასალას, რომელიც უშუალოდ, გუდაური-კობის მონაკვეთიდან არის მოწოდებული და ამ დროისათვის არსებულ მდგომარეობას ასახავს. ასევე, ჩვენი გადამღები ჯგუფი გაემგზავრა გუდაური-კობის საუღელტეხილო მონაკვეთზე და ადგილზე არსებული ვითარების ამსახველ ვიდეომასალასაც შემოგთავაზებთ.
ამასთანავე, მივმართავთ ტელეარხებს, რომ თვითონ, ადგილზე გადააამოწმონ გზაზე არსებული მდგომარეობა და არ იხელმძღვანელონ მხოლოდ იმ მძღოლების განცხადებებით, რომელთა ავტოტრანსპორტი სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაატარეს გაწმენდილ საგზაო მონაკვეთზე.
საავტომობილო გზებზე დიდთოვლობისა და ლიპყინულის დროს შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ:
დაიცავით საავტომობილო გზებზე დაწესებული რეჟიმები!
გამოიყენეთ ზამთრის პერიოდის შესაბამისი საბურავები!
თან იქონიეთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები!