LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო ბრენდები, რომლებმაც თავდაპირველად ბიზნესი სხვა პროფილით დაიწყეს

16

როგორ ფიქრობთ, რა საერთო შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ავტომობილებს შორის? ერთი შეხედვით არაფერი. თუმცა, საქმე ასე მარტივადაც არაა. საავტომობილო სამყაროში არსებობს ისეთი ბრენდები, რომლებლაც საქმიანობა სწორედ საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადებით დაიწყეს და დღეს პოპულარული ავტომწარმოებლების რიცხვს მიეკუთვნებიან.

ძნელი დასაჯერებელია ის ფაქტი, რომ ისეთი ბრენდების ისტორია, როგორიცაა Opel, Peugeot, BMW და Toyota, იწყება ისეთი ნივთების დამზადებით, რომელსაც საერთო არაფერი აქვთ ავტომობილებთან. ვერ იჯერებთ? აი მცირეოდენი ისტორიული ფაქტებიც…

 

 

BMW

1916 წლის მარტს, იმ დროისთვის პოპულარულმა საავიაციო კომპანიამ Gustav-Otto-Flugmaschinenfabrik, შვილობილი კომპანია Bayerische Flugzeugwerke დაარსა. 1922 კი მას სახელი გადაერქვა და Bayerische Motoren Werke ანუ BMW ეწოდა.

როგორც უკვე მიხვდით, BMW-ს ისტორია ავტომობილების წარმოებით არ დაწყებულა. პირველ ეტაპზე გერმანული კომპანია საავიაციო ძრავის დამზადებით იყო დაკავებული. 1923 წელს კი BMW-მ პირველი მოტოციკლი წარადგინა.

რაც შეეხება BMW-ს პირველ ავტომობილის, ის 1928 წელს გამოჩნდა. სწორედ ამ წელს მიიღო BMW-მ ლიცენზია Austin Seven-ისგან, რის შედეგადაც ეკონომიური ავტომობილის Dixi-ს წარმოება შეძლო.

 

 

Mitsubishi

კომპანია Mitsubishi 1870 წელს ივასაკი იატარომ დაარსა და თავდაპირველი საქმიანობა გადაზიდვებთან იყო კავშირში. სახელი Mitsubishi ორი სიტყვისგან შედგება Mitsu და hishi, რაც სამ ალმასს ნიშნავს. ამ სახელით კომპანიის საქმიანობა ოფიციალურად 1873 წელს დაიწყო.

დამაარსებლის ივასაკი იატაროს გარდაცვალების შემდეგ, კომპანიის მართვა მის უმცროს ძმას დაევალა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ტრანსპორტირების გარდა კომპანიას საკუთარი პროდუქტის წარმოება უნდა დაეწყო და ამ მიზნით გემთმშენებლობას მიჰყო ხელი. პარალელურად კი სამთო წარმოებაშიც ჩაერია.

გაგიკვირდებათ და 1930-1940 წლებში Mitsubishi იაპონიის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო იარაღის მწარმოებელი კომპანიაც კი გახდა. 1945 წლისთვის Mitsubishi-ს შემადგენლობაში უკვე 200 სხვადასხვა კომპანია შედიოდა. რაც შეეხება ავტომობილების წარმოებას, ის 1917 წელს დაიწყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ მიერ დამზადებული ავტომობილები მხოლოდ 1970 წელს Mitsubishi Motors Corcporation-ის სახელით გამოჩნდა და დღემდე აქტიურად მოღვაწეობს.

 

 

Kia

კორეული ბრენდი 1944 წელს Kyongseong Precision Industry-ს სახელით დაარსდა. თუმცა, მათი საქმიანობა თავდაპირველად მხოლოდ ველოსიპედების წარმოებით შემოიფარგლებოდა. 1952 წელს კი კომპანიამ პირველად დაიწყო მუშაობა ავტომობილების დამზადებაზე. სწორედ 1952 წელს გადაერქვა სახელი და დღეისათვის ყველასთვის კარგად ნაცნობ Kia Indistry Company ჩამოყალიბდა.

მათი პირველი სატრანსპორტო საშუალება სამთვლიანი მოტოციკლი გახლავთ, რომელმაც პოპულარობა კორეაში 1961 წელს მოიპოვა. რაც შეეხება ავტომობილს, ის პირველად 1972 წელს Titan-ის სახელით გამოჩნდა. 1973 წელს კი Kia-ს წარმოებაში პირველი ბენზინზე მომუშავე ძრავი ჩნდება და იმავე წელს კომპანია სერიულად იწყებს პირველი მსუბუქი ავტომობილის Brisa-ს წარმოებას.

 

 

Citroen

1900 წელს ანდრე სიტროენი აყალიბებს კომპანიას, რომელიც საავტომობილო დეტალების დამზადებით იყო დაკავებული. თუმცა, პირველო მსოფლიო ომის დროს, 1915 წლიდან კომპანია მასიურად იწყებს იარაღის დამზადებას, რის შედეგადაც 1919 წლისთვის ფინანსური ზრდით გათამამებული ხელმძღვანელობა პირველი ავტომობილების Type A-ს წარმოებას იწყებს. აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით Citroen-ის მიერ წარმოებული მოდელები, პირველი ავტომობილები გახდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია Citroen-ი ბევრად უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც სალიზინგო კომპანია და ამასთანავე ავტომობილების გაქირავების სეგმენტშიც საკმაოდ მოწინავე პოზიციაზე იდგა.

 

 

Opel

ადამ ოპელმა საქმიანობა 1862 წელს ქალაქ რიუსელსჰაიმში დაიწყო. თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ კომპანიის საქმიანობა ავტოწარმოებით არ დაწყებულა. ალბათ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ Opel თავდაპირველად საკერავ მანქანებს აწარმოებდა, ხოლო 1886 წლიდან მათ საქმიანობას ველოსიპედების წარმოებაც დაემატა.

1912 წელს კომპანიის კუთვნილი ქარხანა დაიწვა, რის შემდეგაც ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ საკერავი მანქანების დამზადება დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული და მათი წარმოება იმავე წელს შეწყდა. თუმცა, ველოსიპედების წარმოება 1940 წლამდე გაგრძელდა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მწარმოებლადაც ითვლებოდა.

კომპანიის პირველი ავტომობილი, რომელიც Opel-ის ბრენდის ქვეშ გამოჩნდა, 1898 წლით თარიღდება.

 

 

Suzuki

Suzuki-ს საქმიანობა საქსოვი დაზგების დამზადებით დაიწყო, მისი დამაარსებელი კი მიჩიო სუზუკი გახლავთ, რომელმაც კომპანია ოფიციალურად 1909 წელს დაარსა. კომპანიის ისტორიაში საქსოვი დაზგების გარდა, ჩვენ ვხვდებით ველოსიპედებს, ძრავიან ველოსიპედებს, თუმცა ავტომობილებზე მუშაობა მხოლოდ 1937 წელს დაიწყო. 1954 წელს კომპანიას სახელი გადაერქვა და Suzuki Motor Company ეწოდა, ხოლო ერთი წლის თავზე, ანუ 1955 წელს მათ პირველი მსუბუქი ავტომობილი წარადგინეს, რომელიც Suzulight სახელით არის ცნობილი.

 

 

Lamborghini

1948 წელს იტალიაში ჩნდება კომპანია, სახელწოდებით Lamborghini, რომელიც მოსახლეობას ტრაქტორებითა და სამხედრო ტექნიკის წარმოებით გაეცნო. მისი დამაარსებელი ფერუჩო ლამბორჯინი გახლავთ.

1959 წლისთვის, კომპანიამ წარმოების გაფართოება გადაწყვიტა და დაიწყო საზოგადოებისთვის სასარგებლო და საჭირო ნითვების დამზადება. ხოლო 1963 წელს კომპანიაში იქმნება სპეციალური ქვედანაყოფი სახელწოდებით Automobili Lamborghini, რომელიც სპორტული ავტომობილების წარმოებას იწყებს.

ლეგენდის თანახმად, ფერუჩომ ავტომობილების წარმოება ენცო ფერარის ჭკუის სასწავლებლად დაიწყო, რომელიც იმ პერიოდში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სწორედ იმ დროდან მოყოლებული, ორივე მარკის ავტომობილი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

 

 

Toyota

კომპანიის დამაარსებელმა საკიტი ტოიოტამ კარიერა 1894 წელს დაიწყო და საქსოვი დაზგების დამზადებით იყო დაკავებული. პოპულარული კი მას შემდეგ გახდა, რაც 1924 წელს შვილთან ერთად ავტომატური საქსოვი დაზგა დაამზადა. ხოლო მისი წარმოებისა და დამზადებისთვის კომპანია Toyota Automatic Loom Inc დაარსა.

1929 წელს ტიოიდა შვილს საკიჩი სანს გაყიდვების გაფართოების მიზნით ინგლისში აგზავნის და ცდილობს, საკუთარი ნაწარმი მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, ტოიოტამ შეძლო გარკვეული ფინანსური მოგების მიღება და 1930 წელს ავტომწარმოებელ ქარხანას ხსნის.

კომპანიის პირველი ავტომობილი მზის სინათლეზე 1934 წელს გამოჩნდა და სერიულ წარმოებაში იმავე წლის მიწურულს ჩაეშვა. თუმცა Toyota A1, რომელიც კომპანიის პირველი ავტომობილი გახლდათ, გაყიდვაში 1935 წლის გამოშვებით თარიღდება.

 

 

Dodge

ამერიკულმა კომპანიამ Dodge საკუთარი ისტორია საავტომობილო დეტალების დამზადებით დაიწყო. კომპანიის დაარსება 1901 წლით არის დათარიღებული და ძმებ დოჯების სახელს უკავშირდება.

1902 წელს Dodge მონაწილეობას იღებს ავტომწარმოებელი კომპანიის Ford Motor Company დაარსებაში. რაც ძმები დოჯების ინსპირაციის წყარო ხდება და 1914 წელს მათ წარმოებაში პირველი ავტომობილი ჩნდება.

 

 

Peugeot

როგორც ცნობილია, კომპანიამ Peugeot საქმიანობა შოერეულ 1810 წელს დაიწყო და თავდაპირველი საქმიანობა ფოლადისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოება გახლდათ.

უკვე 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში, კომპანია უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, რამაც მაშინდელ ხელმძღვანელობას წარმოების გაფართოებისკენ უბიძგა, რის შედეგადაც Peugeot-ის წარმოებაში გაჩნდა ყავისა და წიწაკის საფქვავები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დღემდე იწარმოება და საკმაოდ ხარისხიანადაც ითვლება.

1881 წელს კომპანია ველოსიპედების წარმოებას იწყებს, გაგიკვირდებათ და Peugeot-ის მიერ დამზადებული ორთვალა სატრანსპორტო საშუალებები დღემდე იწარმოება და საკმაოდ წარმატებულადაც იყიდება. რაც შეეხება ავტომობილებს, მისი წარმოება ფრანგულმა კომპანიამ მე-19-ე საუკუნის მიწურულს დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები