LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო ბაზრის კრიზისი – ავტოიმპორტიორები ლიკვიდაციას პროგნოზირებენ

20

საქართველოს საავტომობილო ბაზარი კრიზისშია. ლარის გაუფასურებამ თითქმის ყველა ავტოიმპორტირს გაყიდვები მკვეთრად შეუმცირა.

”მათე მოტორსი” ერთ-ერთია, რომელის გაყიდვებმაც 40%-ით იკლო. ავტოცენტრის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ელენე ოქრუაშვილი ”ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, რომ კომპანიამ როგორც ავტომობილების, ასევე, საბურავებისა და სათადარიგო ნაწილების იმპორტი მკვეთრდა შეამცირა.

”ლარის გაუფასურებამ ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა. 40%-იანი კლება ძალიან დიდი მაჩვენებელია და ფაქტიურად, გამაჩერებელია ჩვენი კომპანისთვის. ეს არ დაწყებულა სექტემბერში, დაიწყო ბევრად უფრო ადრე, როცა დაიწყო ლარის გაუფასურება. ამის გამო, მთელ ბაზარზე კომპანიები ნახევრად პარალიზებულები არიან. ლიკვიდაცია ჩვენი კომპანიისთვის, რა თქმა უნდა, რთულია, რადგან დიდი კომპანია ვართ, მაგრამ ის, რომ ქვეყანაში საკმაოდ რთული ეკონომიკური ვითარებაა და ეს მოქმედებს ჩვენზე, როგორც ბიზნესზე და აფერხებს ბიზნესს, უდავოა” – ამბობს ელენე ოქრუაშვილი.

შემცირებულ გაყიდვებზე საუბრობენ ”ტოიოტა ცენტრი თბილისში”. კომპანიამ გაყიდვების დინამიკის გასაუმჯობესებლად, აქციები წამოიწყო.

”ამ აქციებმა, ანუ ჩვენი ცენტრალური ოფისიდან დაწეულმა ფასებმა მოგვცა საშუალება, რომ თუკი ოდნავ მაინც არსებობდნენ ჩვენდამი ლოიალური კლიენტები, მათი დაინტერესება შეგვძლებოდა. მომხმარებელს ვთავაზობთ ფასდაკლებას. მაგალითად, ”ტოიოტა კოროლა” საშუალო კომპლექტაციის 1.6-იანი ვარიატორული კოლოფით, თუ ღირდა 19 ათასი დოლარი, ახლა მისი ფასი 16 ათას 700 დოლარია; TOYOTA RAV4 თუ ღირდა 28 ათასი დოლარი, გახდა 22 ათასი დოლარი” – ამბობს კომპანიის გაყიდვების მენეჯრი ნინო გაგუა ”ფორტუნასთან” საუბარში.

რაც შეეხება მომხმარებლის მოთხოვნას, მისივე ინფორმაციით, ”ტოიოტა ცენტრში” ყველაზე დიდი პოპულარობით ყველგანმავალი დიზელისძრავიანი ”ლენდ კურიზერ პრადო” სარგებლობს, რომელზეც 4 თვიანი აქცია ავტოცენტრმა უკვე დაასრულა. 44 ათას დოლარად ღირებული ავტომობილის შეძენა მომხმარებელს 34 ათას 900 დოლარად შეეძლო.

”ჩვენ ადეკვატური პოზიცია უნდა გვქონდეს გარემო ფაქტორებთან მიმართებაში, შესაბამისად, ფასების კლების ტენდენციას ალბათ, გავაგრძელებთ” – აღნიშნავს ნინო გაგუა.

გაყიდვები შეუმცირდა ”სენა მოტორსსაც” რომელიც საქართველოში HONDA-ს ოფიციალური დილერია. ავტოცენტრში წარმოდგენილია ”ჰონდას” ოთხი მოდელი: CR-V, PILOT, ACCORD და CITY. როგორც ”სენა მოტორსში” აცხადებენ, მომხმარებლის ინტერესი ოთხივე მოდელზე თანაბრად შენარჩუნებულია, თუმცა, შეზღუდული რეალიზაციის პირობებში.

ერთადერთი ავტოიმპორტიორი, რომელსაც კლიენტების შემცირება არ აწუხებს, „თეგეტა მოტორსის“ ”პორშეს” ცენტრია. როგორც ”ფორტუნას” ცენტრის მარკეტინგის დირექტორმა ქეთევან ხუნწარიამ განუმარტა, ამის მიზეზი ავტომობილების ევროში რეალიზაციაა.

”ჩვენთან ანგარიშსწორება ხდება ევროში. ლარი ევროსთან მიმართებაში ისე არ გაუფასურებულა, როგორც დოლართან. ამის გათვალისწინებით, ჩვენ კლება არ გვქონია” – ამბობს ქეთევან ხუნწარია და აღნიშნავს, რომ თბილისის ”პორშეს” ცენტრში ავტომობილებზე ფასები 40 ათასი ევროდან იწყება და 180 ათას ევროს აღწევს. ძირითდი მოთხოვნა კი PORSCHE Cayenne-სა და PORSCHE Cayman-ზეა.

რაც შეეხება რუსთავის ავტობაზრობას, აქ აქტიური გაყიდვების დაწყებას პროგნოზირებენ. ავტობაზრობის მარკეტინგის დირექტორი სტელა კამანდაროვა ამბობს, რომ ზაფხული, როგორც ყოველ წელს, ამ კუთხით წელსაც პასიური იყო, თუმცა, მისივე ვარაუდით, ბაზრობა ოქტომბრიდან გააქტიურდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები