LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,იმუნური პასპორტი” და ,,ბიომეტრული ჩასხდომა” – საჰაერო მგზავრობის მომავალი პოსტპანდემიურ მსოფლიოში

720
Future-Air-Travel

რას შეცვლის კორონავირუსის პანდემია საჰაერო მგზავრობის კუთხით და როგორი იქნება ფრენები პანდემიის შემდეგ? აღნიშნული კითხვები ალბათ ყველას აწუხებს. ამ დროისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით როგორც მცირე ზომის, ასევე დიდი აეროპორტები მუშაობენ მოქმედების გეგმაზე. რა ზომებს მიმართავენ ისინი მას შემდეგ, რაც საზღვრები და საჰაერო სივრცეები გაიხსნება? არიან მოგზაურები მზად, შეცვალონ საკუთარი ჩვევები?

ჩექინი

ახალი კორონავირუსი საავიაციო ინდუსტრიისათვის ისტორიაში უდიდეს გამოწვევად იქცა. იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც ამ ეტაპზე არის გაცემული, ექსპერტები მნიშვნელოვან ცვლილებებს პროგნოზირებენ.

დავიწყოთ check in-ის პროცედურით, რომელსაც აეროპორტში მისული ყველა მგზავრი გადის. არსებული რეკომენდაციების ფონზე ეს პროცესი შესაძლოა დაახლოებით ოთხი საათი გაგრძელდეს. საჭირო იქნება როგორც მგზავრების, ასევე ბარგის დეზინფექცია, რიგში სოციალური დისტანციის დაცვა, მგზავრების შემოწმება, აეროპორტის იმ სივრცეების დეზინფექცია, სადაც მგზავრები თავის რიგს დაელოდებიან და ა.შ.

10-დან 9 ექსპერტის აზრით, გაიზრდება ინტერვალები რეისებს შორის, ვინაიდან ყოველი რეისის შესრულების შემდეგ საჭირო იქნება თვითმფრინავის სრული დეზინფექცია.

ლოდინის დრო შეიძლება შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუკი ავიაკომპანიები შეამცირებენ ფრენის მიმართულებებს და მგზავრთა ნაკადიც მოიკლებს.
The Forbes-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე განიხილება სხვა შეზღუდვებიც: შესაძლოა ბორტზე დაშვებული არ იყოს ხელბარგის ატანა ან მოსასვენებელი ოთახები, გარდა ამისა მგზავრებს შესაძლოა დამოუკიდებლად მოუწიოთ საკუთარი ბარგის მიტანა სატვირთო განყოფილებამდე. განიხილება ,,იმუნური პასპორტის” შემოღების და სისხლის ანალიზის ჩატარების შესაძლებლობა, დიდი ალბათობით თვითმფრინავში ყველა ნიღბით და ქირურგიული ხელთათმანით იქნება წარმოდგენილი. უპირატესობა მიენიჭება ონლაინ check in-ის და დისტანციური ანგარიშსწორების საშუალებების გამოყენებას. შესაძლოა აეროპორტებში უშუალო კონტაქტის თავიდან ასაცილებლად თვითმფრინავებში მგზავრების ,,ბიომეტრული ჩასხდომა” განხორციელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო იქნება მხოლოდ მგზავრების ბიომეტრული ფოტოსურათები, მათი სახე კი პასპორტის ფუნქციას შეითავსებს. აღნიშნულ ტექნილოგიას უკვე იყენებენ ისეთი დიდი ავიაკომპანიები, როგორებიცაა: British Airways, Qantas და EasyJet.

აეროპორტებმა შესაძლოა მიმართონ სხვა არაერთ მკაცრ ზომას და ტერიტორიაზე არ დაუშვან ის ადამიანები, ვინც არსად მიემგზავრებიან და მხოლოდ ახლობლების ან ოჯახის წევრების გასაცილებლად ან დასახვედრად სურთ აეროპორტში ყოფნა. გამონაკლისი დაშვებული იქნება მათთვის, ვინც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრს დაეხმარება პროცედურების გავლაში.

რასაკვირველია, ძალაში დარჩება უკვე მიღებული ზომები, აეროპორტებში დარჩება როგორც თერმოსკრინინგის აპარატები, ასევე ხელის სადეზინფექციო საშუალებები. იქამდე, ვიდრე თვითმფრინავში მოხვდება,სპეციალურ სადეზინფექციო პროცედურებს გაივლის ბარგიც.

ჩასხდომა

ჩასხდომის პროცესი არანაკლებ შეიცვლება .ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა მგზავრს რაც შეიძლება ნაკლებად მოუწიოს სხვებთან კონტაქტი. ზოგიერთი ადგილი გაუქმდება იმისათვის, რათა შესაძლებელი იყოს დისტანციის დაცვა, ეს ყევლაფერი კი უდიდესი ალბათობით, ბილეთების გაძვირებას გამოიწვევს. პერსონალი სახის ნიღბების გარდა სპეციალურ ეკიპირებაში იქნება გამოწყობილი. დიდი ალბათობით, ბევრი ავიაკომპანია მოკლე მანძილზე ფრენისას მგზავრებს საკვებს აღარ შესთავაზებს, რათა ზედმეტი რისკი თავიდან იყოს აცილებული.

ჩამოსვლა

ჩამოსვლისას მგზავრებს მოუწევთ წარადგინონ ე.წ. ,,იმუნური პასპორტი”, სადაც ვაქცინის გამოგონებამდე პირის სტატუსი იქნება ნაჩვენები. პასპორტში აღნიშნული იქნება, რომ პირს ჩაუტარდა კოვიდტესტირება და ჯანმრთელია, ან მას უკვე გადატანილი აქვს დაავადება. ვაქცინის გამოგონების შემდეგ, დიდი ალბათობით პასპორტში აღნიშნული იქნება, რომ პირი აცრილია Sars-Cov-2-ზე.
დანიშნულების ადგილას ჩასვლის შემდეგ, მგზავრებს დამატებით კიდევ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და ტესტირება კორონავირუსზე.

საერთო ჯამში, ექსპერტები არაერთ ცვლილებას პროგნოზირებენ აეროპორტებსა და თვითმფრინავებში. მგზავრები ნაკლებად გამოიყენებენ ნაღდ ფულს, ისინი ელექტრონულად გადაიხდიან ყველა ხარჯს, უფრო ხშირად ისარგებლებენ კიბეებით, ვიდრე ლიფტით, რადგან ლიფტი დახურული სივრცეა და მასში ბევრი ადამიანის ყოფნა არ იქნება ნებადართული.ჯერჯერობით უცნობია,თუ რომელი ორგანოები ითავებენ ამ ყველაფრის კონტროლს ამა თუ იქ ქვეყანაში, თუმცა ექსპერტების ვარაუდით ამისათვის ყველა ქვეყანაში ახალი, სპეციალური სააგენტო შეიქმნება, რომელსაც დაეკისრება ყველა აღნიშნული ზომის გატარებაზე პასუხისმგებლობა და რომელიც შეზღუდვების აღსრულების კონტროლს განახორციელებს.

ექსპერტები პროგნოზირებენ იმასაც, რომ მიუხედავად ფრენების აღდგენისა, არაერთ მცირე ავიაკომპანიას დაემუქრება გაკოტრების საფრთხე, შესაბამისად კორონავირუსის მავნე ზეგავლენა ავიაინდუსტრიაზე კარანტინთან ერთად არ დასრულდება.