„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საატესტატო გამოცდების გაუქმებას ეხმაურება. დიმიტრი შაშკინის შეფასებით, საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის განადგურება მოხდება. მისივე თქმით, საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში დაბრუნდება კორუფცია.
„მსოფლიოში არ არის ნორმალური ქვეყანა, სადაც მოსწავლეები გამოცდებს არ აბარებენ. საქართველოში კერძო სკოლები წელიწადში ორჯერ ატარებენ გამოცდებს, რადგან ცოდნას გამოცდა და გაზომვა სჭირდება. სასკოლო განათლება არანაკლებ მნიშვნელოვანია, უმაღლეს განათლებაზე. სკოლაში ბავშვი იძენს ისეთ უნარებს, რომელიც მთელი ცხოვრება დაეხმარება, რომ წარმატებული ადამიანი იყოს. მთელ მსოფლიოში არის კონსენსუსი, რომ არსებობს რვა საგანი, რომლის სწავლაც აუცილებელია და არცერთი საგნის დაკნინება არ შეიძლება. არა იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა, არამედ იმიტომ, რომ დამტკიცებულია, ამ რვა საგნის სწავლით ბავშვს უვითარდება უნარები, რომელიც ცხოვრებაში დასჭირდება.
ეს რვა საგანია: მშობლიური ენა, უცხო ენა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. საატესტატო გამოცდების გაუქმებით მოხდება ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის განადგურება სკოლებში, ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ 90-იან წლებში.” – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საატესტატო გამოცდებს არა გაუქმება, არამედ დახვეწა სჭირდება.