LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 8 ივლისს დაიწყება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება – თამარ ჩუგოშვილი

113
თამარ ჩუგოშვილი

საარჩევნო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 8 ივლისს დაიწყება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ანუ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ინიცირებიდან მინიმუმ, ერთი თვე საერთო სახალხო განხილვები უნდა წარიმართოს. სექტემბრიდან კი, დაიწყება საკომიტეტო და სასესიო განხილვები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემის პროპორციულ წესზე გადასვლასთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც ჩუგოშვილი განმარტავს, მმართველი გუნდი მზად არის, დისკუსია გამართოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

„ყველა პოლიტიკურ ძალასთან მზად ვართ, რომ დისკუსია გვქონდეს. თუმცა, ჩვენი პოზიცია ამ ეტაპზე საკმაოდ მკაფიო და ნათელია საკონსტიტუციო ცვლილებებთან, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. თუ მათ სურვილი ექნებათ, რომ რაიმე ფორმით მოლაპარაკების პროცესში იყვნენ, რა თქმა უნდა, მათ ეს შეუძლიათ. თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ პარლამენტში უკვე არსებობს საარჩევნო თემაზე მომუშავე ჯგუფი, იქ მონაწილეობს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ევროპული საქართველო“ და მათ გაშვებას არავინ აპირებს. კონკრეტულად საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო სისტემას რაც შეეხება, ეს ცვლილებები არის დაინიცირებული. არის სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რაც პოლიტიკური ძალების დიდი ხნის მოთხოვნა იყო, მათ შორის, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა და დასძინა, რომ შემოთავაზებულ ვერსიაში ნულპროცენტიანი ბარიერია, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო კონკურენტულ ვერსიას სთავაზობენ პოლიტიკურ ძალებს.

„დანარჩენი ყველა საკითხი, რომელიც ეხება საარჩევნო პროცესებს, საარჩევნო კანონმდებლობას, ეს ყველაფერი განიხილება საარჩევნო სამუშაო ჯგუფში“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მსჯელობა საერთო სახალხო და საპარლამენტო განხილვების ფონზე წარიმართება.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების განცხადებას, რომ მათ ბლოკების შექმნის შესაძლებლობა არ აქვთ, ჩუგოშვილი პასუხობს, რომ ეს მოთხოვნა არაადეკვატურია.

„თქვენ თვითონ განსაჯეთ, რამდენად ლოგიკურია, როცა ბარიერი 0,70%-ზე ნაკლებია, ამდენის მოგროვებაც თუ არ შეუძლია პოლიტიკურ ძალას და ითხოვს ბლოკებს, რომ ეს ნულოვანი ბარიერი გადალახოს, რამდენად ადეკვატურია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები