თბილისის მერმა UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას თბილისის მერიაში უმასპინძლა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძემ ილია თოფურიას მოპოვებული გამარჯვება პირადად მიულოცა და მას კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა.
„გულწრფელად მინდა მოგილოცო მიღწეული გამარჯვება. საამაყო ადამიანი ხარ და
შრომის ფასი იცი. შენი გამარჯვება სრულიად საქართველოს გამარჯვებაა. მიხარია,
რომ ასეთი წარმატებული ხარ და მჯერა, შენს გულშემატკივრებს წინ მეტი
სიხარული გველოდება.
მინდა იცოდე, რომ უამრავ ქართველს უყვარხარ. ასევე, გილოცავ ღირსების ორდენს, რომელსაც დღეს გადმოგცემენ. კაცურად და ღირსეულად გეტარებინოს ეს ჯილდო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში
საქართველოს ნაკრების მონაწილეობის მნიშვნელობას და ილია თოფურიას ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს, მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და კიდევ უფრო დიდი სტიმულია
ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრისთვის, რომ მატჩის დაწყებამდე ქამარს
წარადგენ. დარწმუნებული ვარ, დღეს კიდევ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – თქვა მან.
შეხვედრაზე, ილია თოფურიამ კახა კალაძეს თბილი და მეგობრული შეხვედრისთვის, გულშემატკივრებს კი გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა:
„მადლობა თქვენ და ყველას, გვერდში დგომისთვის. ყველანაირ მოლოდინს
გადააჭარბა გულშემატკივრობამ ჩემ მიმართ, რაც საქართველოში ამ დღეებში
ვიგრძენი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს „დინამო არენაზე“ მაყურებლის
წინაშე წარვდგები “, – აღნიშნა ილია თოფურიამ.
ცნობისათვის, UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი სამშობლოში პრემიერ-
მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოფრინდა. დღეს, „დინამო არენაზე“
საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, ილია თოფურია
ჩემპიონის ქამარს ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარადგენს.