LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

130
4765

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟთან დაკავშირებით, მელიქიშვილის გამზირზე, 21 იანვრის 00:00 სთ-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

გარდა ამისა, ტრანსპორტის მოძრაობა 22 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან გადაადგილება დასაშვები იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). ავტომობილების მძღოლები ასევე, იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის დროს, გადაადგილება შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზეც. კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვა 23 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

შეზღუდვის პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

ამასთან, 24 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე, წერეთლის გამზირზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ შეფერხებით, თუმცა, არსებული სქემის შესაბამისად.

 

მთაწმინდის რაიონში, ე.წ. კადეტთა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე – თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩების კვეთასთან, წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 იანვრის 06:00-დან 23 იანვრის 07:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

თაბუკაშვილის ქუჩიდან ინაშვილის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარი ბროსეს ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით, ინაშვილის ქუჩიდან კი, მძღოლები თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან და შემდეგ, მესხიას ქუჩასა და რუსთაველის გამზირს დაუკავშირდებიან.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ბროსეს ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ქუთათელაძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო რუსთაველის გამზირიდან ლაღიძის ქუჩის მიმართულებით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე და უკუმიმართულებით.

სამუშაოების გამო, მიკროავტობუსი N528 იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით, რის შემდეგაც, დაუკავშირდება ჯავახიშვილის ქუჩას და გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მარცხნივ მოხვევით, დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ქუჩას და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.