ახალ 2024 წელს თბილისი პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტით შეხვდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორსაათიან შთამბეჭდავ სანახაობას, სახელწოდებით „ევროპული ქალაქიდან ევროპაში“ მაყურებელს ქართველი მომღერლები, გუნდები, ანსამბლები და მოცეკვავეები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, ზუსტად 00:00 საათიდან წარუდგენენ.
„გალაკონცერტზე წარმოდგენილი იქნება ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული სიმღერების ახლებური ვერსიები და სხვადასხვა უცხოური ჰიტები, მათ შორის ორი ცნობილი საშობაო სიმღერა ქართული ტექსტით.
პროგრამა მთლიანობაში 30 მუსიკალურ ნომერს შეიცავს. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე 200-ზე მეტი შემსრულებელი წარდგება”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.