მიხეილ სააკაშვილმა ჟეშოვში დაგეგმილი ბრიფინგი გააუქმა და საზღვარზე, პშემისლში, გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
დღეს, დილიდან, პოლონეთში სააკაშვილთან ერთად იმყოფება ევროპარლამენტარი სარიუშ ვოლსკი, რომელიც მისთვის სოლიდარობის გამოსახატავად სპეციალურად ჩავიდა.
ევროდეპუტატის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია სააკაშვილის მხარდაჭერა, რათა მას უკრაინაში მშვიდობიანად დაბრუნების საშუალება მიეცეს.
ავტობუსში სააკაშვილთან ერთად დეპუტატთა ჯგუფია, რომელიც მას „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტში მიჰყვება. მასთან ერთად არიან უკრაინული პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო, რომელიც აცხადებს, რომ ამ ვიზიტისა და მხარდაჭერის მთავარი მიზანი უკრაინის, კონსტიტუციისა და თითოეული ადამიანის დაცვაა.
ის აღნიშნავს, რომ “მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგას იმიტომ, რომ უკრაინაში სამომავლოდ პოლიტიკური რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ აღმოიფხვრას”.
სააკაშვილთან ერთად იმყოფებიან მისი მეუღლე და 11 წლის შვილი.
საზღვარზე, უკრაინის მხრიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლონეთის მხრიდან გუშინდლიდან იკრიბებიან სააკაშვილის მხარდამჭერები. მათ ღამე კარვებში გაათენეს და აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საზღვარზე “ტიტუშკების” მობილიზება მოახდინა, რომლებიც ვითარების არევას და დესტაბილიზაციას ცდილობენ.