დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებაა განმარტებული.
როგორც სასამართლო განმარტავს, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ის ფაქტი, რომ მოცემულ საქმეზე 2005-2012 წლებში მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არსებობდა ინტერესი, არ გატარებულიყო ქმედითი ღონისძიებები თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირთა დასადგენად, რათა არ მომხდარიყო ვალერი გელაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ამჟამად უკვე მსჯავრდებულ პირთა ვინაობის დადგენა. სააკაშვილს 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
საქალაქო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, 3 წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი შემცირდა ¼-ით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო თანამდებობის დაკავების უფლება სახელწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ჩამოერთვა 2 წლისა და 3 თვის ვადით.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულმა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, ძალადობით და იარაღის გამოყენებით, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მანვე, ჩაიდინა, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.
საქმე ეხება 2005 წლის 14 ივლისს ქ.თბილისში, დაახლოებით 13:00 საათზე, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებული მებრძოლების მიერ, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვალერი გელაშვილსა და მის თანხმლებ პირებზე თავდასხმის ფაქტს. საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ ‘’რეზონანსში’’ გამოქვეყნებული, პარლამენტის იმჟამინდელი წევრის – ვალერი გელაშვილის სტატიის შემდეგ, სადაც ეს უკანასკნელი შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ, ბრალდებულმა, პირადი შურისძიების მოტივით, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება განიზრახა. ვალერი გელაშვილის სამაგალითო დასჯა დაავალა იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, რაზედაც მიიღო უარი. აღნიშნულის შემდეგ, ფიზიკური ანგარიშსწორება ბრალდებულმა საქართველოს შსს მინისტრს დაავალა, რომელმაც, თავის მხრივ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ორგანიზებით, უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულება. დაზარალებულმა ცემის შედეგად მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია.
სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების, სატელეფონო ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ის ფაქტი, რომ მოცემულ საქმეზე 2005-2012 წლებში მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არსებობდა ინტერესი, არ გატარებულიყო ქმედითი ღონისძიებები თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირთა დასადგენად, რათა არ მომხდარიყო ვალერი გელაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ამჟამად უკვე მსჯავრდებულ პირთა ვინაობის დადგენა“,- აღნიშნულია განცხადებაში.