„არ შეიძლება ვინმეს უსაფრთხოების დაცვა ამ დაწესებულებაში, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ადამიანები, რომლებიც ერთ დროს მან პასუხისგებაში მისცა, ახლა ამ დაწესებულებაში არიან“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა ჯონ სენდვიჯმა გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჯონ სენდვიჯის თქმით, ცხადია, რომ პატიმრებს საკმაო კონტროლი აქვთ ამ დაწესებულებაზე და გაუგებარია, როგორ შეძლებს ხელისუფლება მისი მოვალეობის შესრულებას, რომ მსგავს დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება დაიცვას.
ამასთანავე, ადვოკატის თქმით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულება არ არის შესაბამისად აღჭურვილი იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არსებული მოთხოვნები სათანადოდ დააკმაყოფილოს და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს.
„პრეზიდენტი მხნედაა, მას აქვს კარგი განწყობა, მაგრამ ეს არ არის შესაბამისი დაწესებულება, რომელშიც ის უნდა იყოს. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რამდენად შესაძლებელია მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა აქ, ასევე აქ არ არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა, იმ შემთხვევისთვის თუ მას რამე მოუვა.
შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, რომ იზრუნოს პატიმარზე და იმის მიხედვით, რაც ამ დაწესებულებაში ვნახე, არ მგონია, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად დააკმაყოფილოს ეს ვალდებულება.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საპატიმრო დაწესებულების დაცვა, როგორც ჩანს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილი დაიცვას და ვფიქრობ, ბევრი ადამიანია ამ დაწესებულებაში, ვინც ზრუნავს მასზე მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყონ.
მაგრამ არ შეიძლება ვინმეს უსაფრთხოების დაცვა ამ დაწესებულებაში, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ადამიანები, რომლებიც ერთ დროს მან პასუხისგებაში მისცა, ახლა ამ დაწესებულებაში არიან,“- განაცხადა ადვოკატმა.
ჯონ სენდვიჯმა სააკაშვილის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო-მასალაც შეაფასა და თქვა, რომ შეშფოთებულია იმით, თუ როგორ ეპყრობიან მას.
„ეს არის ის ადამიანი ვის მიმართაც მაღალი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ მისი ყოფილი სტატუსიდან გამომდინარე. მე არ ვსაუბრობ გამორჩეულ მოპყრობაზე, მაგრამ მისი ძალით მოთავსება მსგავს დაწესებულებაში შეშფოთებას იწვევს.
როგორც ადვოკატი მე გავაგრძელებ მუშაობას, რომ მას მოეპყრონ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და გავაგრძელებ ადვოკატირებას, რომ მას მოეპყრონ ჯანმრთელობის საჭიროებების შესაბამისად და დაიცვან მისი უსაფრთხოება,“ – განაცხადა სააკაშვილის უფლებადამცველმა.
ამასთან, მან მესამე პრეზიდენტის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა მათ ვალდებულებულებაზე საერთაშორისო კანონმდებლობის წინაშე, რომ დაცული იქნას მისი უსაფრთხოება და მიეწოდოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
„ვიმედოვნოთ, რომ ხელისუფლება პატივს სცემს მის მიერ აღებულ ვალდებულებას და კიდევ ერთხელ, მე მოვუწოდებდი ხელისუფლებას, რომ გამოიყვანონ პრეზიდენტი ამ დაწესებულებიდან. ეს არ არის სამკურნალო დაწესებულება, ეს არის საპატიმრო.
მოხარული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლომ გამოიყენა ეს მექანიზმი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ნაწილობრივ ანგარიშვალდებულს ხდის, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ სტრასბურგის სასამართლო მათ თვალყურს ადევნებს. ვიმედოვნებ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაწესებული ვადის გასვლამდე, საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს სააკაშვილის უსაფრთხოების დასაცავად,“- განაცხადა ადვოკატმა.