მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი შთაბეჭდილების ქვეშაა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სპეციალისტების ჯგუფის კვალიფიციურობით და თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ.
საძაგლიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და როდის დადგება კრიზისული პერიოდი, რომელსაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს, უცნობია.
,,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოვისმინეთ კვალიფიური შეფასება ექსპერტ ექიმთა ჯგუფის მხრიდან. ახლა ნებისმიერ დროს შეიძლება სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს კრიტიკულად და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, რისი რესურსიც მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში ფიზიკურად არ არსებობს”, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით ის, რაც სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილნა კონსილიუმმა გააკეთა „ფეიკია“ და თუ ამ დასკვნას გარკვეული გაგრძელება მოჰყვება, შეიძლება ომბუდსმენისა და კონკრეტული ექიმების პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ადვოკატის შეფასებით, ყველა ვინც კობახიძისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს არის „ნაცი“, შესაბამისად ხელისუფლების არაადეკვატურ განცხადებებზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.
„ჩვენ არ ვართ მიჩვეული ადეკვატურ განცხადებებს ირაკლი კობახიძის მხრიდან. ყველა ვინც მისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს არის „ნაცი“, მგონი მარტო მამუკა მდინარაძე არ ჰგონია „ნაციონალი“. შესაბამისად, რა შედეგი მოჰყვება მის განცხადებებს ჩემთვის უცნობია და ვერ გავაკეთებ პროგნოზს იმდენად არაადეკვატურად იქცევა ხელისუფლება”, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.