ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აშშ-ის თავდასცვის მდივნის საქართველში ვიზიტს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ეხმიანება.
ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ მიმართვაში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ლოიდ ოსტინის ჩამოსვლა კიდევ ერრთხელ ადასტურებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, კვლავ ურყევია.
ყოფილი პრეზიდენტი მიმართვაში შირაქის სამხედრო აეროპორტის პერსპექტივაზეც საუბრობს და აქვე ანაკლიის პორტზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, 2020 წელს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ პროექტზე მუშაობა შეწყვიტა, რათა რეგიონში რუსეთის ინტერესებს ემსახუროს:
“ძალიან ვაფასებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ჯ. ოსტინის ვიზიტს საქართველოში (ისევე, როგორც უკრაინაში), რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ურყევი!
რაც შეეხება საქართველოს, მე მჯერა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით, შირაქის სამხედრო აეროპორტის აღორძინებას აქვს დიდი და პერსპექტიული პოტენციალი. შესაძლოა, გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მოიპოვოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან ახლოს განლაგებულმა ბაზამ, სადაც სამი ათასამდე ამერიკელი სამხედროს განთავსება იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, აუცილებელია ანაკლიის პორტის (ლაზიკის) საკითხის გადახედვა. ამ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებას ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა დიდი ხელშეწყობა, თუმცა, 2020 წელს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, რათა ემსახუროს რუსეთის ინტერესებს რეგიონში.
ანაკლიის პორტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების გასაძლიერებლად, ასევე მთელს რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით.” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.