LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი კვლავ ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე შიმშილობის დასრულების დროს იყო: ადვოკატი

119
1

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა.

მოგვიანებით მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, კვლავ ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე შიმშილობის დასრულების დროს იყო.

თუთბერიძის თქმითვე, არავის უნდა შეექმნას ილუზია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაძაბუნებულ და ფარხმალდაყრილ ადამიანად წარმოიდგინოს:

“ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბუნებრივია, ამ პირობებში ვერ გაუმჯობესებდა და არის ისევ მძიმე. ის პრაქტიკულად, ვერ იღებს საკვებს, მისი მკურნალობის კურსი არ არის დასრულებული.

ასევე, მისი სამედიცინო მაჩვენებლის მდგომარეობა ყველა ასპექტში რთულია. არავის შეექმნას ილუზია, რომ წარმოიდგინოს მიხეილ სააკაშვილი დაძაბუნებულ, ფარხმალდაყრილ ადამიანად, პირიქით, მიუხედავად ამ ძალიან დიდი ტრავმისა და წამებისა, რაც მის მიმართ ხორციელდებოდა და ხორციელდება, ის ინარჩუნებს ბრძოლისუნარიანობას, არის კომუნიკაციაში თავის თანამებრძოლებთან და ბუნებრივია, აპირებს ბრძოლას, ვიდრე ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში არ გაიმარჯვებს და არ დაამარცხებს პირდაპირ რუსეთის ფედერაციას.

ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია კვლავაც შეზღუდული გვაქვს, მისთვის წერილების გადაცემას და მისგან წერილობით პასუხის მიღებას ვერ ვახერხებთ. ამას აქვს ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რომ ხელისუფლებას ეშინია ჩვენთან და ქართველ საზოგადოებასთან კომუნიკაციის. ამიტომ, ცდილობენ, რომ რისი თქმაც გვინდა და რა ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაც გვსურს პრეზიდენტთან, უნდა ვთქვათ ხმამაღლა და გამოთქმით იმისთვის, რომ სუს-ის რომელიმე ბიუროკრატმა, რომელიც ზის თავის კაბინეტში და ისმენს რა ხდება მიხეილ სააკაშვილის შეხვედრების ოთახში, მოისმინოს თუ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ.

არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, რადგან ციხის ადმინისტრაცია ხელს იშვერს ხელმძღვანელობისკენ და არ ასახელებს არავის სახელს და გვარს. მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს, რომელიც თავს აქიცინებს ხოლმე ბრიფინგებზე და ინსტიტუციურ თავმოყვარეობაზე საუბრობს, დროზე აღმოფხვრას ეს უსინდისობა, ეს იაფფასიანი ხრიკი, რადგან ამას შედეგი უბრალოდ არ ექნება და სისტემა სახეს კარგავს, – კარგავს იმ პატივისცემას, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ შერჩენილი გვაქვს…

უქმე დღეებში ადვოკატები ვერ მოვინახულებთ. მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს.

ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რომ მასთან პირად ექიმს არ ეძლევა შესვლის უფლება და ეს ცალკე გართულებებთან არის კავშირში, რადგან ახლა ის იმყოფება დაწესებულებაში, სადაც კონსილიუმის დასკვნით გამოუწერეს პრეპარატი, რომელიც არ სჭირდებოდა და მას ზიანს აყენებდა. ამ პირობებში, სრულფასოვანი მკურნალობა ან პენიტენციური სამსახურის ნდობა არის ნულის ტოლი, რის გამოც დაუყოვნებლივ ვითხოვთ სპეციალისტების დაშვებას, ისეთი ექიმების, რომელთაც გააჩნიათ ორივე მხარის ნდობა. ასეთები არიან კონსილიუმებში, რომელიც თავად სახელმწიფომ შექმნა, სახალხო დამცველის კონსილიუმის ჯგუფშიც და ასეთი კონსილიუმის მობილიზებისთვის მზად ვართ.” – განაცხადა თუთბერიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები