LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უკვე მერამდენედ აქვს ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას და მცდარი ინტერპრეტაციებით მანიპულირებას

90
მიხეილ სააკაშვილი

“იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უკვე მერამდენედ აქვს ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას და ფაქტებით და შეგნებულად მცდარი ინტერპრეტაციებით მანიპულირებას”, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას შეეხებოდა: იუსტიციის მინისტრის მოადგილე

სააკაშვილი უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, აქვე განმარტავს, თუ რას გულისხმობს “საქმის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად კონვენციის 37.1 მუხლის აღნიშვნა” და აცხადებს, რომ სამინისტრო ქართული საზოგადოების თვალში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დისკრედიტაციას ახდენს.

მისივე განცხადებით, ფაქტის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დაუყოვნებლივ ეცნობება:

“ჩემი შიმშილობის პერიოდში, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობდა კლინიკაში გადაყვანაზე, მივმართე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოვითხოვე საჩივრის შეტანამდე დროებითი ღონისძიებით მთავრობის დავალდებულება, განეხორციელებინა აუცილებელი და კანონით დადგენილი ქმედებები.

სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და შესაბამისი დავალება მისცა საქართველოს მთავრობას, რის შედეგადაც გადამიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ამის შემდეგ, 2021 წლის 07 დეკემბერს, წერილობით შევატყობინე სტრასბურგის სასამართლოს, რომ, რადგან ეროვნულ დონეზე სამართლებრივი საშუალებები ჯერ არ არის ამოწურული, ამ ეტაპზე არ წარვადგენ სარჩელს, თუმცა სამომავლოდ დავიტოვებ ამ უფლებას და გამოვიყენებ (იხილეთ ფოტო). სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ დაასრულა წარმოება მოცემულ საქმეზე, რაზეც მეტყველებს საქმის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად კონვენციის 37.1 მუხლის აღნიშვნა.

მინდა განვაცხადო, რომ კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად სტრასბურგის სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია.

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უკვე მერამდენედ აქვს ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას და ფაქტებით და შეგნებულად მცდარი ინტერპრეტაციებით მანიპულირებას, რითიც ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დისკრედიტაციას ქართული საზოგადოების თვალში.

ზემოაღნიშნული ფაქტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას შეეხებოდა.